27 იანვარი, 2021

მამუკა ლორია გარდაიცვალა

რუსთაველის თეატრის მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაცია რუსთაველის თეატრმა გაავრცელა:

“რუსთაველის თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი თეატრის მსახიობის მამუკა ლორიას გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს.”

მამუკა ლორიას მსახიობობა არავის გაკვირვებია, რადგან იგი ცნობილი მსახიობის აბესალომ ლორიას შვილი იყო და თეატრი და კინო მის ცხოვრებაში ღრმა ბავშვობიდან შემოიჭრა.

თეატრალური უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მუშაობდა ჯერ მოზარდ მაყურებელთა თეატრში, შემდეგ რუსთაველის თეატრში სიცოცხლის ბოლომდე.

არაერთი დაუვიწყარი როლის შესრულებისთვის მამუკა ლორია სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდა. ერთ-ერთი უკანასკნელი ჯილდო – მამაკაცის საუკეთესო შესრულებისთვის  და გრან პრი – მსახიობმა მიიღო ფილმში “მან თქვა დედა” მამის როლის შესრულებისთვის.