20 იანვარი, 2021

გიორგი ლეონიძის საბედისწერო სიყვარული

სიყვარული პოეტისა და მწერლის გიორგი ლეონიძის ცხოვრებაში ყოველთვის უდიდეს განსაცდელებთან იყო დაკავშირებული. ჯერ იყო და ულამაზესი ლელი ლორთქიფანიძის მშობლებმა სიძედ დაიწუნეს, რის გამოც გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, წლების შემდეგ კი გოგლამ ეფემია გედევანიშვილის სიყვარულის გამო თავის მოკვლა ორჯერ სცადა. ეფემია მისი სიძის და იყო.

თავდავიწყებულმა სიყვარულმა შემოქმედი ორჯერ თვითმკვლელობამდეც მიიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ეფემიასაც ძალიან მოსწონდა გოგლა, მათი მშობლები ამ სიყვარულის სასტიკი წინააღმდეგები იყვნენ.

როდესაც ლეონიძემ თავის მოკვლა სცადა, ვასილ ბარნოვი პატრიარქს ესტუმრა, გოგლასა და ეფემიას სიყვარულის ამბავი უამბო და მათი ქორწინების ნებართვა ითხოვა. თხოვნაზე მწერალმა თანხმობა მიიღო, რადგან პატრიარქის განმარტებით, გოგლა და ეფემია სისხლით ნათესავები არ იყვნენ.

წყვილმა ჯვარი დაიწერა. მათ ბეჭდები ტიციან და ნინა ტაბიძეებისგან ითხოვეს, ქორწილი კი კაფე “ქიმერიონში” გადაიხადეს, რომელიც ცისფერყანწელების ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილი იყო.

“მთელი ღამე ლექსების კითხვა ისმოდა, სუფრა სანოვაგით ვერ ბრწყინავდა, მაგრამ ყველა ბედნიერად გრძნობდა თავს. ეფიცებოდნენ ერთმანეთს ძმობას და ასე გრძელდებოდა დილამდე,” – ასე იგონებდა გოგლა ლეონიძისა და ეფემია გედევანიშვილის ქორწილის დღეს მხატვარი ლადო გუდიაშვილი.