გოგლა ლეონიძის ტრაგიკული სიყვარულის ისტორიაპოეტ გოგლა ლეონიძის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია ემზარ კვიტაიშვილმა თავის ნარკვევში “სამშობლოსა და სიტყვის “დამწვარი მსახური” გააცნო:

“ცოტა რამ მაინც უნდა ითქვას გიორგი ლეონიძის პირველ უიღბლო სიყვარულზე, ჩვიდმეტი წლის ჭაბუკს სალონურ ოჯახში გაცნობილი, განათლებული, უმშვენიერესი ქალიშვილის, ანგელოსურად სპეტაკი სულის ლელი ლორთქიფანიძის მიმართ რომ ჰქონდა. რამდენივე ჰაეროვანი, ბროლივით გამჭვირვალე ლექსი უძღვნა პოეტმა მის სათნოებასა და სილამაზეს. ერთი მათგანი ასე ჟღერს:

შველი ხარ თუ ზაბახი, სუფთა და მოკამკამე,
შენ მიწისა არა ხარ, შენ არ გიცნობს სამარე.
შენ მთვარის ფეშქაში ხარ და ყვავილთა სამოსი,
შენზე ფიქრიც სურნელობს, ვით ცეცხლზე ბალსამოსი –
ჩემთვის თვალთშეუდგამო, ჩემგან შესამკობი ხარ –
ვაზი ხარ და ზარზიფი, ათას ყვავილს სჯობიხარ.

ლელიც თანაუგრძნობდა ტანბრგე, საუცხოო ზნისა და გარეგნობის ვაჟკაცს. ლორთქიფანიძეები იმხანად სოლოლაკში ცხოვრობდნენ, ამაღლების ქუჩაზე. შეყვარებულებს ერთმანეთს ახვედრებდა მათი მესაიდუმლე, კეთილი და მოხერხებული სომეხი ყმაწვილი ბეგო, ლორთქიფანიძეების მოჯამაგირე. გიორგის სიყრმის მეგობარი, მისი საყვარელი მხატვარი ლადო გუდიაშვილიც მხარს უბამდა. იმის მიუხედავად, რომ ფრთხილობდნენ, ქალის მშობლებმა გაიგეს მათი ურთიერთსიყვარული. ახალგაზრდა ღარიბი გიორგი ლეონიძე სასიძოდ დაიწუნეს – ლელი ძალად გაათხოვეს მასზე უფროსსა და მდიდარ კაცზე. მალე დედ-მამასთან სადილზე სტუმრად მისულმა, შინაგანად აფორიაქებულმა ლელი ლორთქიფანიძემ , რევოლვერით თავი მოიკლა მეორე ოთახში.

ადვილი წარმოსადგენია, რა სატანჯველში ჩავარდებოდა ამის შემტყობი გიორგი ლეონიძე. თავზარდამცემმა ტრაგედიამ უღრმესი კვალი დაამჩნია მის ცხოვრებას, ლელის სახება მუდამ ხატივით ედგა თვალწინ და არც მოშორებია.

ყველაფრიდან ჩანს (დროც, ცალკეული რეალიებიც ზუსტად ემთხვევა) რომ “ნატვრის ხის” უძლიერესი ნოველის – “მარიტას” მთავარი პროტოტიპი სწორედ ლელი ლორთქიფანიძეა. გიორგი ლეონიძემ სამარადისო ძეგლი დაუდგა მის სპეტაკ ხსოვნას.”