23 აპრილი, 2019

10 რამ წიგნის შესახებ

10 რამ წიგნის შესახებწიგნის შესახებ კითხვის მოყვარულებმა ბევრი რამ იციან, თუმცა განათლების სფეროს ექსპერტი გია მურღულია გვთავაზობს ათ უმთავრეს საკითხს, რომელიც წიგნის შესახებ ყველამ უნდა ვიცოდეთ:

პირველი: ამბავს რომ გაიგებ, შემდეგ ის უნდა გაიაზრო, ეს ამბავი რისთვის შეითხზა. ამის მიმხვედრი იმასაც ხვდება, რომ ამბავი თვითმიზანი არ არის და ყოველთვის უფრო დიდ მიზანს გამოხატავს.

მეორე: არსებობს უბრალოდ კარგი წიგნები და სასურველია ისინი კაცმა წაიკითხოს. ამაზე მეტი მნიშვნელობა იმ წიგნების წაკითხვას აქვს, შენთვის რომ საგანგებოდ კარგები არიან – შენს გონებას, განწყობასა და განვითარების სურვილს ყველაზე მეტად რომ ესადაგებიან.

მესამე: “ეკლესიასტეში” (რომელიც კაცმა კი უნდა წაიკითხოს) წერია, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ეს შესაძლოა ყველაზე მეტად კონკრეტული წიგნის წაკითხვას ეხებოდეს. არსებობს წიგნები, რომლებიც ჩვენი ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპს განსაზღვრავენ.

მეოთხე: თუ მე და შენ ერთი და იგივე წიგნები მოგვწონს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ სულიერი ერთობა გვაქვს. ისიც გასარკვევი და შესაფასებელია, რამდენად ერთნაირი მიზეზებით მოგვწონს ეს წიგნები.

მეხუთე: ერთი სიცოცხლე (ყოველკვირა ერთი მოზრდილი წიგნი რომ “აითვისო”) დაახლოებით 3500-მდე წიგნის წაკითხვას ჰყოფნის, ასე რომ, ყველაფერს, “რაც წასაკითხია” კაცი ვერ გასწვდება – ყოვლისნაკითხობით თავმოწონება არ ღირს.

მეექვსე: მხოლოდ ის წიგნი გაქვს ნამდვილად წაკითხული, რომელიც შენი ცხოვრების ნაწილად იქცა და დაგეხმარა, უკეთესი გამხდარიყავი ან უარესობა აგეცილებინა თავიდან.

მეშვიდე: ზოგი წიგნი საშუალებაა, ზოგიც მიზანი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირველდასახელებულს ნაკლები მნიშვნელობა აქვს – მას მეორესთან მივყავართ.

მერვე: ყველა კარგ და ზოგიერთ ცუდ წიგნში არის “საკვანძო ფრაზები”, რომლებიც ამ წიგნების არსებას გამოხატავს. ფრაზა წიგნის მთავარი სახეა.

მეცხრე: მნიშვნელოვანი მხოლოდ ის წიგნია, რომელსაც უბრუნდები – ეს გამოცდილებაც არის და სიამოვნებაც.

მეათე: კარგი წიგნი შენზე მეტს გიყვება, ვიდრე იმ სამყაროზე, რომელსაც კონკრეტულად ასახავს და გამოხატავს – ის არა მხოლოდ მკითხველისთვის, არამედ, უპირველესად, მკითხველზეა დაწერილი.

წიგნის დღეს გილოცავთ – ეს მოლოცვა ასევე ვრცელდება ჩემი და თქვენი ცხოვრების ნებისმიერ სხვა დღეზეც.”