წიგნის შესახებ კითხვის მოყვარულებმა ბევრი რამ იციან, თუმცა განათლების სფეროს ექსპერტი გია მურღულია გვთავაზობს ათ უმთავრეს საკითხს, რომელიც წიგნის შესახებ ყველამ უნდა ვიცოდეთ:
“პირველი: ამბავს რომ გაიგებ, შემდეგ ის უნდა გაიაზრო, ეს ამბავი რისთვის შეითხზა. ამის მიმხვედრი იმასაც ხვდება, რომ ამბავი თვითმიზანი არ არის და ყოველთვის უფრო დიდ მიზანს გამოხატავს.
მეორე: არსებობს უბრალოდ კარგი წიგნები და სასურველია ისინი კაცმა წაიკითხოს. ამაზე მეტი მნიშვნელობა იმ წიგნების წაკითხვას აქვს, შენთვის რომ საგანგებოდ კარგები არიან – შენს გონებას, განწყობასა და განვითარების სურვილს ყველაზე მეტად რომ ესადაგებიან.
მესამე: “ეკლესიასტეში” (რომელიც კაცმა კი უნდა წაიკითხოს) წერია, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ეს შესაძლოა ყველაზე მეტად კონკრეტული წიგნის წაკითხვას ეხებოდეს. არსებობს წიგნები, რომლებიც ჩვენი ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპს განსაზღვრავენ.
მეოთხე: თუ მე და შენ ერთი და იგივე წიგნები მოგვწონს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ სულიერი ერთობა გვაქვს. ისიც გასარკვევი და შესაფასებელია, რამდენად ერთნაირი მიზეზებით მოგვწონს ეს წიგნები.
მეხუთე: ერთი სიცოცხლე (ყოველკვირა ერთი მოზრდილი წიგნი რომ “აითვისო”) დაახლოებით 3500-მდე წიგნის წაკითხვას ჰყოფნის, ასე რომ, ყველაფერს, “რაც წასაკითხია” კაცი ვერ გასწვდება – ყოვლისნაკითხობით თავმოწონება არ ღირს.
მეექვსე: მხოლოდ ის წიგნი გაქვს ნამდვილად წაკითხული, რომელიც შენი ცხოვრების ნაწილად იქცა და დაგეხმარა, უკეთესი გამხდარიყავი ან უარესობა აგეცილებინა თავიდან.
მეშვიდე: ზოგი წიგნი საშუალებაა, ზოგიც მიზანი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირველდასახელებულს ნაკლები მნიშვნელობა აქვს – მას მეორესთან მივყავართ.
მერვე: ყველა კარგ და ზოგიერთ ცუდ წიგნში არის “საკვანძო ფრაზები”, რომლებიც ამ წიგნების არსებას გამოხატავს. ფრაზა წიგნის მთავარი სახეა.
მეცხრე: მნიშვნელოვანი მხოლოდ ის წიგნია, რომელსაც უბრუნდები – ეს გამოცდილებაც არის და სიამოვნებაც.
მეათე: კარგი წიგნი შენზე მეტს გიყვება, ვიდრე იმ სამყაროზე, რომელსაც კონკრეტულად ასახავს და გამოხატავს – ის არა მხოლოდ მკითხველისთვის, არამედ, უპირველესად, მკითხველზეა დაწერილი.
წიგნის დღეს გილოცავთ – ეს მოლოცვა ასევე ვრცელდება ჩემი და თქვენი ცხოვრების ნებისმიერ სხვა დღეზეც.”