15 აგვისტო, 2018

ნინა ცაგარელი “ღამის სერენადების” სიახლეებზე

ნინა ცაგარელი "ღამის სერენადების" სიახლეებზე“ღამის სერენადების” ფესტივალის გახსნამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. შემოქმედებითი ჯგუფი აქტიურად ემზადება ფართო საზოგადოებასთან შესახვედრად და მათ უამრავ სასიამოვნო სიურპრიზს უმზადებს.

ნინა ცაგარელი, “ღამის სერენადების” დირექტორი:

– წელს ისევ შენარჩუნდება ქალბატონი ლიანა ისაკაძის ფესტივალის უნიკალური ფორმატი და სულისკვეთება, თუმცა იქნება ბევრი სიახლეც იუბილესთან დაკავშირებით.

ფესტივალი გაიმართება 26, 28, 29 აგვისტოს ბათუმში სატუმრო შერატონის საკონცერტო დარბაზში და 2 და 4 სექტემბერს თბილისში კონსერვატორიის დიდ დარბაზში.

პროგრამა იქნება ძალიან მრავალფეროვანი, გვეყოლება სოლისტები ამერიკიდან, იტალიიდან, უნგრეთიდან. ფესტივალის საპატიო დირიჟორია ვახტანგ მაჭავარიანი, სოლისტი – ალექსანდრე კორსანტია, რომელიც შეასრულებს გალინა უსტვოლსკაიას კონცერტს. ეს იქნება საქართველოში ამ ნაწარმოების პირველი შესრულება.

ასევე გვეყოლება უნიკალური მევიოლინე გეზა ჰოსზუ-ლეგოცკი, რომელიც ვუნდერკინდი ბავშვის სახელით არის ცნობილი, თუმცა ახლა კი გაიზადა და ვუნდერკინდი მევიოლინეა. მას “წითელი ვიოლინოს” ლეგენდარული ფილმის გადაღებებშიც აქვს მონაწილეობა მიღებული.

დარწმუნებული ვართ, რომ X საიუბილეო ფესტივალის „ღამის სერენადების” ხუთივე საღამო ფართო საზოგადოებისთვის დაუვიწყარი ემოციებისა და ჭეშმარიტ ხელოვნებასთან ზიარების საღამოები იქნება.

დავგეგმოთ სასიამოვნო საღამოები კლასიკური მუსიკის თანხლებით.