“ღამის სერენადების” ფესტივალის გახსნამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. შემოქმედებითი ჯგუფი აქტიურად ემზადება ფართო საზოგადოებასთან შესახვედრად და მათ უამრავ სასიამოვნო სიურპრიზს უმზადებს.
ნინა ცაგარელი, “ღამის სერენადების” დირექტორი:
– წელს ისევ შენარჩუნდება ქალბატონი ლიანა ისაკაძის ფესტივალის უნიკალური ფორმატი და სულისკვეთება, თუმცა იქნება ბევრი სიახლეც იუბილესთან დაკავშირებით.
ფესტივალი გაიმართება 26, 28, 29 აგვისტოს ბათუმში სატუმრო შერატონის საკონცერტო დარბაზში და 2 და 4 სექტემბერს თბილისში კონსერვატორიის დიდ დარბაზში.
პროგრამა იქნება ძალიან მრავალფეროვანი, გვეყოლება სოლისტები ამერიკიდან, იტალიიდან, უნგრეთიდან. ფესტივალის საპატიო დირიჟორია ვახტანგ მაჭავარიანი, სოლისტი – ალექსანდრე კორსანტია, რომელიც შეასრულებს გალინა უსტვოლსკაიას კონცერტს. ეს იქნება საქართველოში ამ ნაწარმოების პირველი შესრულება.
ასევე გვეყოლება უნიკალური მევიოლინე გეზა ჰოსზუ-ლეგოცკი, რომელიც ვუნდერკინდი ბავშვის სახელით არის ცნობილი, თუმცა ახლა კი გაიზადა და ვუნდერკინდი მევიოლინეა. მას “წითელი ვიოლინოს” ლეგენდარული ფილმის გადაღებებშიც აქვს მონაწილეობა მიღებული.
დარწმუნებული ვართ, რომ X საიუბილეო ფესტივალის „ღამის სერენადების” ხუთივე საღამო ფართო საზოგადოებისთვის დაუვიწყარი ემოციებისა და ჭეშმარიტ ხელოვნებასთან ზიარების საღამოები იქნება.
დავგეგმოთ სასიამოვნო საღამოები კლასიკური მუსიკის თანხლებით.