15 ივლისი, 2018

თემურ ჩხეიძე ნოდარ მგალობლიშვილზე

ნოდარ მგალობლიშვილი - თავმდაბლობის ეტალონი– ვერაფრით ვერ დავდგამდი “ჯაყოს ხიზნებს”, რომ არ ყოფილიყო ნოდარ მგალობლიშვილი, – აცხადებს რეჟისორი თემურ ჩხეიძე.

მსახიობმა მთელი ცხოვრება საყვარელ პროფესიას შესწირა. მართალია თავიდან მომღერლობა უნდოდა, მაგრამ უახლოესი მეგობრის ჯემალ ანჯაფარიძის რჩევით თეატრალურში ჩააბარა და როცა ჩარიცხულთა სიაში საკუთარი გვარი და სახელი წაიკითხა, არც კი გახარებია.

არნახული პოპულარობის მიუხედავად, ნოდარ მგალობლიშვილს წარმატება თავში არასოდეს ავარდნია და მთელი ცხოვრება თავმდაბალი და უბრალო დარჩა.

– დაბლა დაგიხრით თავს და დიდხანს მინდა რომ იყოთ კარგი მაყურებელი, – ასეთია ნოდარ მგალობლიშვილის გზავნილი მაყურებელისთვის.

რეჟისორი თემურ ჩხეიძე კი ნოდარ მგალობლიშვილზე ასე საუბრობს:

“ნოდარ მგალობლიშვილი ძალიან კარგი იყო “ჯაყოს ხიზნებში” თეიმურაზ ხევისთავს თამაშობდა, თეატრშიც… ამის მერე დავდგი “ოტელო”. ხომ გრძნობ – თეატრში ყველას თავისი შეხედულება აქვს. ოტელო გასაგებია, უნდა იყოს ოთარ მეთვინეთუხუცესი, მაგრამ იაგო? გამოვაცხადე, რომ იაგო არის ნოდარ მგალობლიშვილი. უშუალოდ ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს, მაგრამ ვიცი, რომ შოკივით მოხდა თეატრში – რა შუაშია მგალობლიშვილი, ანგელოზის სახე აქვს “ჯაყოს ხიზნებში”…

მაგრამ ეშმაკი შემიჯდა, ზუსტად იმიტომ ავიყვანე, რომ ანგელოზის სახე აქვს. ვიდიქრე, თუ ამას რაღაცა არა აქვს ისეთი, რომ ჩვენ ყველამ დარბაზში დავიჯეროთ – ამ კაცს როგორ შეიძლება არ ენდო? გახსოვთ მგალობლიშვილი თავისი პროჟექტორი თავლებით? კრისტალური წესიერებაა სახეზე აღბეჭდილი..

მაშინ არ მესმის, ყველამ იცის, რომ გაიძვერაა იაგო და ერთო ოტელო ვერ ხვდება. ე.ი. იდიოტია ოტელო? რატომ დაუჯერა, რატომ არავისი არ სჯერა, მარტო იაგოსი სჯერა. რაღაცა თვისება უნდა ჰქონდეს ამ კაცს, რომ მე დარბაზში მომეჩვენოს – მოიცა, მეც მომატყუებდა ეს კაცი იმიტომ, რომ რაღაცა აქვს..

ეს პირიქით მიცემაა როლის თუ არა არ ვიცი, მე ასე ჩავთვალე. არ შემიძლია იაგო, რომელსაც პირველივე სურათიდან ეტყობა რაც არის… არ შეიძლება, მაშინ არ ლაგდება სიუჟეტი, მაშინ ჩამოყალიბებული სულელია ოტელო…

კატეგორიულად არ შეიძლება ეს კანონად გადააქციო, მაგრამ ძალიან ხშირად ე.წ. პირიქითი განაწილება იძლევა ძალიან საინტერესო ეფექტს.”