2 ოქტომბერი, 2017

ახალი თაობის გამორჩეული პიანისტი 7 ოქტომბერს თელავში პირველად დაუკრავს

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 7 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნება.

ელისო ვირსალაძის მიერ დაარსებულ ფესტივალში მსოფლიოში აღიარებული ხელოვანები მიიღებენ მონაწილეობას.

ფესტივალის პირველივე დღეს კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის ახალი თაობის გამორჩეული პიანისტი ლუკაშ ვონდრაჩეკი დაუკრავს.

ლუკაში ბრიუსელის დედოფლის ელისაბედის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის 2016 წლის გრან პრის მფლობელია. იგი საქართველოში პირველად ჩამოვა და 7 ოქტომბერს თელავის ფესტივალის გახსნაზე დაუკრავს.

ლუკაშ ვონდრაჩეკის დებიუტი 15 წლის ასაკში შედგა 2002 წელს ჩეხეთის ფილარმონიის ორკესტრთან და ვლადიმერ აშკენაზისთან ერთად, რასაც 2003 წელს მოჰყვა დიდი ტურნე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

დედოფალი ელისაბედის ბრიუსელის 2016 წლის საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის მფლობელი ლუკაშ ვონდრაჩეკი რეგულარულად მართავს კონცერტებს ისეთ დირიჟორებთან, როგორებიც არიან პაავო იარვი, ჯანანდრეა ნოსედა, მარინ ოლსოპი, კრისტოფ ეშენბახი, პიეტრი ინკინენი, ვასილი პეტრენკო, იაკუბ ჰრუშა, ანუ ტალი, ქსიან ჟანგი, კშიშტოფ ურბანსკი, სტაფან დენევი და ალექსანდრე ლაზარევი.

ლუკაშ ვონდრაჩეკის უახლოესი საკონცერტო განრიგი მოიცავს გამოსვლებს ისეთ დარბაზებში, როგორებიცაა ლონდონის უიგმორ ჰოლი, ნიუ-იორკის კარნეგი ჰოლი, ციურიხის ტონჰალე, ვენის კონცერტჰაუსი, ამსტერდამის კონცერტგებაუ, პორტოს მუსიკის სასახლე, ბრიუსელის Palais des Beaux Arts, პარიზის  Cité de la Musique…

მსოფლიო მუსიკალურმა საზოგადოებამ უმაღლესი შეფასება მისცა ლუკაშ ვონდრაჩეკის შემოქმედებას:

If you wonder who is the biggest star among the contestants, this is who. The Czech super pianist Lukas Vondracek has been hailed as “the greatest pianistic talent of our times” by Stuttgarter Zeitung, and the name brings out nods of recognition among everyone who follows piano music carefully.
Pianist Lukas Vondracek is the master of perfectly voiced textures. It would be impossible to characterise Vondracek’s artistry, such was his vast range of style and emotions. THE STRAITSTAIMES

ლუკაშ ვონდრაჩეკის კონცერტზე დასასწრები ბილეთები იყიდება ვებ-გვერდზე www.biletebi.ge თბილისის სახელმწიფო კინოსერვატორიის და თელავის თეატრის სალაროებში.