7 მარტი, 2016

გოდერძი ჩოხელის ათი მცნება

1goderdziმწერალი, რეჟისორი და სცენარისტი გოდერძი ჩოხელი თავისი შემოქმედებით გამორჩეულია ქართულ ლიტერატურასა და კინემატოგრაფში. საოცარი სევდის მატარებელი ხელოვანის შემოქმედებაც სევდიანია, მისი პერსონაჟები კი – დაუვიწყარი.

“არტინფო” გთავაზობთ გოდერძი ჩოხელის შემოქმედებიდან ამოკრებილ უმთავრეს გზავნილებს, რომლებსაც გოდერძი ჩოხელის “ათი მცნება” ეწოდება.

მცნება პირველი: – ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული.

მცნება მეორე: – თანდათან მგლების ხროვას ემსგავსება კაცთა მოდგმა.

მცნება მესამე: – ახლა ყველა ადამიანი მოთხრობა მგონია, იმ წუთშივე წარმოვიდგენ, რომ მოთხრობა ხარ და სათაურს გამოგიძებნი…

მცნება მეოთხე: – ამქვეყნად მწერალზე ადრე არავინ ჭკნება, თუ მას არ უსმენენ. მეც მინდა ისეთი მწერალი ვიყო, თუნდაც ერთ ადამიანს მაინც არ დავუჭკნე საქართველოში.

მცნება მეხუთე: – კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და ნუ გახდება საქართველო ნახევრის-ნახევარი. და შენ, კუზიანო დედამიწავ, რამდენიც გენებოს, იტრიალე!

მცნება მეექვსე: – დედამიწაც ჩემი სულის გარშემო ბრუნავს.

მცნება მეშვიდე: – დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის.

მცნება მერვე: – სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდი მერე აბა რისიღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა…

მცნება მეცხრე: – სიკვდილი ისევე ალამაზებს სიცოცხლეს, როგორც მზე და მთვარე ალამაზებენ წყვდიადს.

მცნება მეათე: – სიკვდილი ვალია, უნდა მოიხადოს კაცმა თავისი ვალი.