26 იანვარი, 2015

ნინა სუბლატი ევროვიზიის პირველ ნახევარფინალში იმღერებს

nina22015 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ნინა სუბლატი პირველ ნახევარფინალურ საღამოზე 19 მაისს იმღერებს.

მე-60 ევროფესტივალის მონაწილე ქვეყნები ნახევარფინალებში კენჭისყრის შედეგად 26 იანვარს გადანაწილდნენ.

ევროვიზიის კონკურსანტების სცენაზე გამოსვლის რიგითობას შოუს პროდიუსერები განსაზღვრავენ.

საიუბილეო, ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-60 კონკურსს ავსტრიის დედაქალაქი ვენა მასპინძლობს. კონკურსის ნახევარფინალები 19 და 21 მაისს, ხოლო ფინალი 23 მაისს ჩატარდება.

თავის მხრივ, ნინა სუბლატი სოციალურ ქსელში მოუწოდებს ყველას, აქტიურად ჩაერთონ ევროვიზიისთვის მზადებაში:

“მეგობრებო, რადგანაც წელს ასეთი ღია, საჯარო და კარგი ევროვიზიის სეზონი გვაქვს, რადგან მონაწილეც ჩვენი ამორჩეულია, ჩავერთოთ ბოლომდე: გამიმხილეთ თქვენი აზრი, როგორი წარმოგიდგენიათ ჩვენი სიმღერის პერფორმანსი? დაპოსტეთ ყველაფერი სურვილისამებრ: კაბა, მაკიაჟი, ფეხსაცმელი, განათება, ვარცხნილობა, ფერები. რაც გსურთ! მოდით ერთად მოვიფიქროთ როგორ წარვსდგეთ ევროვიზიაზე!”