2015 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ნინა სუბლატი პირველ ნახევარფინალურ საღამოზე 19 მაისს იმღერებს.
მე-60 ევროფესტივალის მონაწილე ქვეყნები ნახევარფინალებში კენჭისყრის შედეგად 26 იანვარს გადანაწილდნენ.
ევროვიზიის კონკურსანტების სცენაზე გამოსვლის რიგითობას შოუს პროდიუსერები განსაზღვრავენ.
საიუბილეო, ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-60 კონკურსს ავსტრიის დედაქალაქი ვენა მასპინძლობს. კონკურსის ნახევარფინალები 19 და 21 მაისს, ხოლო ფინალი 23 მაისს ჩატარდება.
თავის მხრივ, ნინა სუბლატი სოციალურ ქსელში მოუწოდებს ყველას, აქტიურად ჩაერთონ ევროვიზიისთვის მზადებაში:
“მეგობრებო, რადგანაც წელს ასეთი ღია, საჯარო და კარგი ევროვიზიის სეზონი გვაქვს, რადგან მონაწილეც ჩვენი ამორჩეულია, ჩავერთოთ ბოლომდე: გამიმხილეთ თქვენი აზრი, როგორი წარმოგიდგენიათ ჩვენი სიმღერის პერფორმანსი? დაპოსტეთ ყველაფერი სურვილისამებრ: კაბა, მაკიაჟი, ფეხსაცმელი, განათება, ვარცხნილობა, ფერები. რაც გსურთ! მოდით ერთად მოვიფიქროთ როგორ წარვსდგეთ ევროვიზიაზე!”