“ეს არის მარადიული ქართული სიმართლე”

18 დეკემბერი, 2017

– ეს ნაწყვეტი მიყვარს, მიყვარს რა ძალიან ხშირად გვახსენებს თავს, ეს არის მარადიული ქართული სიმართლე, არაფერი არ იცვლება საფუძვლიანად, კარდიოგრამაა ზოგადად ჩვენი ისტორია რამდენიმე არითმული ამოვარდნით და მეტი არაფერი!…

წაიკითხეთ ვისაც არ გაქვთ წაკითხული, ვისაც გამოგრჩათ, ვისაც აღარ გახსოვთ… მორალზე კი მერე ვისაუბროთ – აცხადებს პოეტი როი აბუსელიძე და ნოდარ დუმბაძის რომანიდან “მზიანი ღამე” ნაწყვეტს ავრცელებს:

“გალაკტიონი

“ინტურისტის” ბაღში ყველა კუპე დაკავებული იყო. მე და გურამი აუზის გვერდით მაგიდას მივუსხედით და ვიდრე საჭმელს მოგვიტანდნენ, ლუდი მოვითხოვეთ. ოფიციანტმა ორი ბოთლი ცივი ლუდი მოიტანა. მე ჭიქის პირს მარილი მოვაყარე და ნელა მოვსვი. სასიამოვნო სიგრილემ დამიარა სხეულში. ჩვენს მარჯვნივ, კუთხეში, კაცი იჯდა, ჩვენკენ ზურგით, ძალიან განიერი, ოდნავ მოხრილი ბეჭები ჰქონდა. ღვინოს სვამდა. ძალიან ნაცნობი ტანი ჰქონდა, ძალიან. უცებ მან თეფშზე ჩანგალი დააკაკუნა, ჩვენკენ მობრუნდა და ჩვენს ოფიციანტს მიმართა:

– ძამიკო, რამდენ ხანს უნდა გელოდო?

– მოვდივარ, შე კაცო, ფრთებს ხომ არ გამოვისხამ, შენისთანა მილიონია და მე ერთი, – წყენით უთხრა ოფიციანტმა და ჩვენი შეკვეთის მოლოდინში ფანქარი და ქაღალდი მოიმარჯვა.

– გურამ, შეხედე. – ვუთხარი მე.

– ვის?

– გალაკტიონი! – გურამი სწრაფად შეტრიალდა. ახლა გალაკტიონი ისევე ზურგით იჯდა ჩვენკენ.

– ჯერ იმას მიუტანე, – ვუთხარი მე.

– შეკვეთა მომეცი, შე კაცო, და იმას კი მივხედავ, ასე ზის მაგი ორი საათია და მიჩიჩინებია იმ ერთ ბოთლ ღვინოს. – გაიკრიჭა ოფიციანტი. მე შევუკვეთე, რაც გვინდოდა და ვთხოვე ოფიციანტს, გალაკტიონის მაგიდასთან მოეტანა.

– მივიდეთ, გურამ?

– არ ეწყინოს, ბიჭო.

– რატომ უნდა ეწყინოს, მივიდეთ და დაველაპარაკოთ.

– მივიდეთ, – გადაწყვიტა გურამმა და ადგა. თავზე რომ დავადექით, გალაკტიონმა გაკვირვებით ამოგვხედა.

– შეიძლება, ბატონო გალაკტიონ, თქვენ მაგიდასთან დავსხდეთ? – გავუბედე მე. გალაკტიონმა მაგიდებს მოავლო თვალი, ცარიელი მაგიდები რომ დაინახა, გაეცინა.

– მაგიდების მეტი რა არის, ძამიკო, ამ რესტორანში?

– ჩვენ თქვენთან გვინდა! – ისე სთხოვა გურამმა, გალაკტიონს კი არა, მე ამიჩუყდა გული.

– დაბრძანდით, დაბრძანდით! – მიგვიპატიჟა გალაკტიონმა. ჩვენ დავსხედით, უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.

– ვინ ხართ თქვენ, ყმაწვილებო? – დაარღვია სიჩუმე გალაკტიონმა.

– ჩვენ სტუდენტები ვართ, ბატონო გალაკტიონ. – ვუთხარი მე.

– სწავლობთ?

– დიახ.

– კარგია, შესანიშნავია, უშესანიშნავესია! – თქვა გალაკტიონმა და ბოთლი აიღო ხელში. უცებ აწრიალდა, რაღაცის ძებნა დაიწყო, მერე წამოდგა, მეზობელი მაგიდიდან ორი ჭიქა აიღო და მე და გურამს დაგვიდგა:

– ღვინოს ხომ სვამთ?

– კი! – თქვა გურამმა.

– მე მიცნობთ, არა? – გვკითხა და ღვინის დასხმა დაიწყო.

– თქვენ ვინ არ გიცნობთ, ბატონო გალაკტიონ! – უთხრა გურამმა.

– ოფიციანტი არ მიცნობს, ძამიკო, ერთი საათია მიყურებს და ვერ მიცნო! – გაიღიმა გალაკტიონმა. ოფიციანტი მოვიდა, სამი ბოთლი ღვინო მოიტანა, ყველი, მშრალად მოხარშული ხორცი და სალათი.

– შენ ვერ მიცნობ მე, ძამიკო? – ჰკითხა გალაკტიონმა.

– რავა ვერ გიცნობ, შე კაცო, სულ ჩვენთან არ დადიხარ? – გაუღიმა ოფიციანტმა.

– აბა, ვის ვგავარ თუ იცი?

– ვის გავხარ და მღვდელს. – გამოიცნო ოფიციანტმა და გალაკტიონს წვერზე შეხედა.

– სწორი ხარ, ძამიკო, მღვდელს ვგავარ. – ჩაიხითხითა გალაკტიონმა. ოფიციანტი გაბრუნდა. გალაკტიონი ხითხითებდა.

– ხომ გითხარით, ვერ მიცნობს-მეთქი. – გვითხრა ბოლოს, ხითხითი რომ მოათავა.

– აბა, თქვენ თუ მიხვდებით, ვის ვგავარ? – მე ჟრუანტელმა დამიარა ტანში. რა ვუპასუხო ახლა?

– დაგვცინით, ბატონო გალაკტიონ? – ჰკითხა გურამმა მომაკვდავი კაცის ხმით.

– არა, ძამიკო, მართლა გეკითხებით.

– თქვენ არავის არ გავხართ, ბატონო გალაკტიონ, თქვენ ხართ გალაკტიონი, დიდი პოეტი გალაკტიონ ტაბიძე, სხვას ვის უნდა გავდეთ? – ვთქვი მე.

– გალაკტიონ ტაბიძე კი ვარ, მაგრამ ვის ვგავარ?

– გოეთეს! – თქვა გურამმა.

– არა! – გაიღიმა გალაკტიონმა.

– პუშკინს.

გალაკტიონმა თავი გაიქნია.

– მიცკევიჩს, ბაირონს, რემბოს…

– არა!

– რუსთაველს, ბოდლერს, ფირდოუსს…

– არა, ძამიკო, არა, აკაკის არ ვგავარ, წერეთელს? – თქვა მან და წვერზე ხელი ჩამოისვა.

– კი, როგორ არა, ძალიან გავხართ, ბატონო გალაკტიონ, ძალიან! – ვთქვი მე.

– აი, ხომ გითხარით! ყველა მეუბნება, აკაკის გავხარო, ოფიციანტმა კი ვერ მიცნო. გაუმარჯოს აკაკის! – თქვა გალაკტიონმა და ჭიქა გამოცალა, ჩვენც გამოვცალეთ.

გალაკტიონი ოდნავ მთვრალი იყო, საოცრად ღრმა, ჭკვიან და გაღიმებულ თვალებში ეშმაკური ნაპერწკალი ენთო. იგი ლაპარაკის ხასიათზე მოვიდა.

– თქვენ რას აკეთებთ, ძამიკოებო, ლექსებს არ წერთ?

– მე არა, ეს წერს! – თქვა გურამმა.

– მე აღარ ვწერ ლექსებს! – ვუთხარი მე.

– რატომ მერე, ძამიკო, ყველა წერს და შენ რა დააშავე, წერე, წერე, კარგია ლექსების წერა, – მითხრა და თავზე გადამისვა ხელი.

– თქვენ რომ ლექსებს წერთ, ისეთი ლექსების წერა კია კარგი, ბატონო გალაკტიონ. – ვთქვი მე.

– ცუდი ლექსის წერაც კარგია, არ არის სავალდებულო, ყველამ კარგი ლექსები წეროს. – გაიცინა გალაკტიონმა და შევატყვე, უკვე ბურთივით გაგვიგდო მე და ჩემი გურამი. გურამს პირი ჰქონდა დაღებული. მინდოდა, ხელი ამეფარებინა, რამე სისულელე არ წამოსცდეს-მეთქი, მაგრამ ვერ მოვასწარი.
– როგორ წერთ ლექსებს, ბატონო გალაკტიონ? – წამოაყრანტალა მან და გამარჯვებული სახით გადმომხედა.

გალაკტიონმა ისე ახედა გურამს, რომ გურამის საცოდაობით გული დამეთუთქა. მერე ისევ დაასხა ღვინო, პატარა ხორცის ნაჭერი გადაიღო და თეფშის კიდეზე დადო. თვალები დახუჭა.

– მე ზღვა მიყვარს ძალიან. ზღვა და მზე. ყოველ ზაფხულს დავდივარ ზღვაზე. სახლი მაქვს სოხუმში. ხომ იცით? – გვკითხა მან და თვალები გაახილა. ჩვენ თავი დავუქნიეთ. გალაკტიონმა ისევ დახუჭა თვალები. – ყოველ ზაფხულს ჩავდივარ სოხუმში, ამოვთხრი დიდ ორმოს სილაში, ჩავწვები შიგ და ჩავიმარხები კისრამდე, აი, ასე. – მან გვაჩვენა, თუ როგორ აკეთებდა ამას. – მერე ვიზამ პირს მზისკენ და ვხუჭავ თვალებს, როგორც ახლა, ასე. ჯერ ბნელა, მერე ჩნდება რგოლები, წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი. მერე ნათდება, ნათდება და მზე ჩამოდის თვალებში, დიდი, უდიდესი ნათელი მზე. მზე ატანს ქუთუთოებში, ძვალში, რბილში, სისხლში, მზე ყველაფერში ატანს, სამარეშიც ატანს მზე. მერე ციდან ეშვება თეთრი ანგელოსი, ლამაზი, თეთრი ანგელოსი, ეშვება ჩემს ყურთან და მკარნახობს ლექსებს… – გალაკტიონი დადუმდა. იგი დიდხანს იჯდა ასე თვალდახუჭული და მე მჯეროდა, რომ იგი ახლაც ხედავდა მის ყურთან დახრილ თეთრ ანგელოსს, რომელიც ყურში მზესავით უდიდეს და ნათელ ლექსებს კარნახობდა. მერე მან გაახილა თვალები და მე ხატზე დავიფიცებ, რომ მის თვალებში ორი უზარმაზარი თაკარა მზე დავინახე.

– ასეა, ძამიკოებო, – თქვა მან ძალიან სერიოზულად და ჭიქა ასწია, – გაუმარჯოს ანგელოსს. – თქვა და დალია.

– ბატონო გალაკტიონ, მართლა ანგელოსი გკარნახობთ? – ვკითხე მე გაუბედავად.

– კი, ძამიკო, ანგელოსი მკარნახობს, აბა, მე სად მცალია ლექსების საწერად, – დაისაწყლა თავი გალაკტიონმა.

– “ნიკორწმინდაც” ანგელოსმა გიკარნახათ? – ჰკითხა გურამმა.

– “ნიკორწმინდაც” ანგელოსმა მიკარნახა. – დააქნია თავი გალაკტიონმა.

ისევ დუმილი ჩამოვარდა.

– სად არის ჩვენი ოფიციანტი, აღარ მოდის? – აწრიალდა უცებ გალაკტიონი.

მე თეფშზე ჩანგალი დავაკაკუნე. რესტორნის მარცხენა კუთხეში დიდი ორომტრიალი იყო, ვიღაცეებს ოთხი მაგიდა შეეერთებინათ და მთელი რესტორნის ოფიციანტები მათ ემსახურებოდნენ. ჩვენი ოფიციანტიც იქ ტრიალებდა ჯარასავით.

– რას შვები, კაცო! – დავუქნიე ხელი. რა ვქნაო, გაშალა ხელები და სამზარეულოსკენ გაიქცა.

– მოვა ახლავე, ბატონო გალაკტიონ! – დავამშვიდე მე.

– შორეული ქალის ეშხი მოვა, მაგრამ როდის… – თქვა გალაკტიონმა. ცოტა ხნის შემდეგ ოფიციანტი მოვიდა.

– სად ხარ, ძმაო, დაგვხოცე შიმშილით! – გაუჯავრდა გურამი.

– შენთვის მეცალა, შე კაცო? ვერ ხედავ, ვინ გვესტუმრა? – გაუკვირდა ოფიციანტს.

– ვინ? – ჰკითხა გურამმა.

– ვინ და, მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში.

– რა გვარია?

– რავა, პირველად გესმის ქიტუაშვილი გოგია, გაზეთებს არ კითხულობთ? – ახლა ოფიციანტი გაუჯავრდა გურამს. – ექიმებმა თქვეს, ორი სამწლიანი მოზვრის ღონე აქვსო, – თქვა ოფიციანტმა და ისევ გავარდა. გაერთიანებული სუფრის თავში აღტაცებული ხალხის და ოფიციანტების ალყაში პატარათვალებიანი, ორი სამწლიანი მოზვრის ღონის შარავანდედით მოსილი ქიტუაშვილი გოგია იჯდა და ძლიერი ყბებით მოხარშული ბეჭის ძვალს ფშვნიდა.

– მე წავალ, ძამიკოებო, დიდი მადლობა, დიდი მადლობა, მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით. – გალაკტიონი წამოდგა.

– გაგაცილებთ, ბატონო გალაკტიონ! – წამოვცვივდით ჩვენც.

– არა, ბატონო, არა, რად მინდა გაცილება.

იგი წავიდა ნელი ნაბიჯით. ისე გაიარა ამ ღმერთკაცმა მთელი რესტორანი, არავის არ შეუმჩნევია. და მე ისევ შემეცოდა ღმერთი, კაცში ჩასახლებული ღმერთი, რომელიც ისე ახლობელია, ისე ჰგავს ადამიანს, ისე ხელშესახებია და ისე უბრალო, რომ არავის სჯერა მისი ღმერთობა. გალაკტიონმა გაიარა რესტორანი და ქუჩაში გავიდა.”

გააზიარეთ

 
...