რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა მის მიერ დადგმულ სპექტაკლ “ვეფხისტყაოსანთან” დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს:
“ასეც ვიცოდი – ნაცისტებს, ვითომ ქართველებს, “ვეფხისტყაოსანი” არ წაუკითხავთ! გთხოვთ, ნუ ბაძავთ, ძმებ ნაცებს, ყველა დიდ ქართველ გენიოსებს მიწაში რომ დებენ ბოღმით ამომხმარნი! იმათაც გამორჩათ, ისევე როგორც ძალიან წესიერ ქალწულებს დაავიწყდათ, დიდი რუსთაველის სტრიქონი, (შესაძლოა ქართულს კარგად არ ფლობენ!) როცა ავთანდილი თინათინმა იხმო: “გაძცვრილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი!” აკაკიმ თქვა, რომ – 1000 ქართველში ოთხს ან ხუთს თუ ექნება გადაკითხული “ვეფხისტყაოსანიო”! დღეს როგორაა საქმე – სავსებით ნათელია! ძალიან აღელდნენ მარკიზ დე სადის მონაწილეები და ძალზე წესიერი, უშვერ სიტყვათა ოსტატი ქალწულებმაგვარი პოლიტიკოსი ქალები (შემოსავალზე ფიქრობენ ალბათ!)! ვხსნი: “თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად” 127. პირველი სტრიქონი: ნოდარ ნათაძეს კომენტარი: “გაძრცვილსა – შიშველ ტანზე!” გთხოვთ, სანამ წინასწარ დაწერილ მორეცენზიო აზრებს დაბეჭდავთ სპექტაკლზე, მაინც გადაიკითხოთ უდიდესი პოეტის უდიდესი პოემა!
ძალიან კარგი იყო. ამაზე კარგი უნდა იყოს. არა არა, რაც მქონდა ჩაფიქრებული არ ვიცი, გამოვიდა ის, რაც უნდა გამოვიდეს მუზების კარნახით. ასე კი არ არის ყველაფერი ჩაფიქრებული მაქვს, თვითონ არ ვიცი რას ვაკეთებ. ეს არის პოეტური თარგმანი ასე ვთქვათ, თეატრის პოეზიაში გადავიყვანე გენიალური პოეტის ნაწარმოები.
თეატრმცოდნეებს ავიწყდებათ, რომ რასაც ისინი წერენ, ეს ლიტერატურის ნაწილია და ეს ნიშნავს, რომ ხელოვნების ნაწილია. ერთი სტატია დამისახელეთ, სადაც აღიქვამთ როგორც ხელოვნებას. ყველა დამპალი სტატიაა შურით და ბოღმით დაწერილი.”
