აუსრულეთ თემურ ბაბლუანს ოცნება

Temur babliaკინორეჟისორ თემურ ბაბლუანს ერთი ოცნება აქვს – არც თუ ისე რთული და შეუძლებელი:

“შევესწარი ასეთ ამბავს: მათხოვარს თავისი ლეიბი აქვს გაშლილი, გვერდზე ბოთლები უდგას და წევს. მოვიდა პოლიციელი და იცით როგორი არის? რადგან ის წევს, პოლიციელს არ აქვს უფლება, ფეხზე იდგეს და ისე ელაპარაკოს, ამიტომ ჩაიჩოქა იმანაც. ვუსმენ, მაინტერესებს. და სთხოვს ეს პოლიციელი, რომ იქნებ ცოტა იქით გადახვიდეო. რატომ უნდა გადავიდე, მე აქ მომწონსო. ძალიან გთხოვო, – ეხვეწება პოლიციელი მთელი 10 წუთი. მერე მოვიდა მეორე პოლიციელი, იმანაც ჩაიჩოქა და ისიც სთხოვს, უხსნიან, ელაპარაკებიან – 2 მგელივით ბიჭია. იცით როგორ დამთავრდა? ერთ პოლიციელს ლეიბი მიჰქონდა, მეორეს – მისი ბოთლები და მიყვებოდნენ და წავიდნენ. დავიწერე პირჯვარი – მეთქი, ღმერთო, აი, ეგეთი ურთიერთობები – ადამიანი რომ ადამიანს ხედავს და გრძნობს – ეს მომასწარი საქართველოში, მე მომესწროს-მეთქი და ოდესმე რომ იქნება, ეჭვი არ მეპარება. იქ არ აქვს მნიშვნელობა კარგად აცვია, ცუდად აცვია, აქვს რამე, არ აქვს რამე, ის არის ადამიანი – ეგ არის მთავარი! ამიტომ არიან ფრანგები რომ ყველანაირ ღირსეულ ცვლილებებს, იდეებს სათავეში უდგანან.”