ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მომღერალ ანრი ჯოხაძის კონცერტი იქ მცხოვრებმა ქართველებმა ჩაშალეს. კონცერტი 18 აპრილს უნდა გამართულიყო.
“ქალაქ ვენის მაგისტრატმა დღეს დილით გვაცნობა, რომ 18 აპრილს, ანრი ჯოხაძის ვენაში დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა.
მადლობა თქვენ, ყველას, ვინც ჩვენი სამოქალაქო პოზიცია გაიზიარეთ და შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციაში აქტიურად ჩაერთეთ, ასევე მათ, ვინც ინფორმაციის გავრცელებაში დაგვეხმარეთ.
მადლობა ორგანიზატორებს, რომელთაც ამ სიტუაციაში მიიღეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გააუქმეს კონცერტი, რათა საზოგადოებაში დაპირისპირება კიდევ უფრო არ გამწვავებულიყო.
მიგვაჩნია, რომ ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული ძალების მხარდამჭერებსა და დასანქცირებული ტელეკომპანიის თანამშრომლებს არ აქვთ მორალური უფლება, ევროპაში ჩამოდიოდნენ და აქ კონცერტებს მართავდნენ.
როგორც წინა პოსტში აღვნიშნეთ, სიამოვნებით დავუჭერთ მხარს ყველა იმ აქტივობას, რომელიც ავსტრიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, ოღონდ, იმ ადამიანების მიერ, რომლებიც არ არიან ევროპის დემონიზებაში ჩართული,” – ნათქვამია “ქართული ცენტრი ავსტრიაში” გავრცელებულ განცხადებაში.
ამ განცხადებას წინ უძღოდა “ქართული ცენტრი ავსტრიაში”-ს მიმართვა:
“ავსტრიაში მცხოვრებ ქართულ დიასპორას გაუმართლებლად მიგვაჩნია სანქცირებული ტელეკომპანია “იმედის” თანამშრომლის, ანრი ჯოხაძის “ტაშ-ფანდურის” გამართვა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში.
ვთვლით, რომ მას არანაირი მორალური უფლება არ აქვს, კონცერტი ჩაატაროს შუაგულ ევროპაში, რომლის მარგინალიზებასაც მისი სამსახური – ტელეკომპანია “იმედი” წლებია ახდენს.
ავსტრიული კანონის ფარგლებში, ყველა ძალას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელმა და ევროპის მაძაგებელმა ადამიანებმა ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყნებში კონცერტების ჩატარება ვერ შეძლონ.
ვთხოვთ ორგანიზატორებს, გააუქმონ აღნიშნული კონცერტი და სამომავლოდ ისეთ ხელოვანებთან ითანამშრომლონ, რომლებიც ცივილიზებული სამყაროს მიერ არ არიან დასანქცირებულნი და ანტი-ევროპულ პროპაგანდაში არ შეაქვთ წვლილი. ასეთ კონცერტებს ჩვენც სიამოვნებით შემოვუერთდებით.”
