ალბათ ბევრს გიფიქრიათ, როგორ გაცოცხლდებოდნენ შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” გმირები. მამუკა ენუქიძემ უკვდავი პოემის მთავარი გმირები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გააცოცხლა და მათი როლები ცნობილ მსახიობებს მიანდო: ტარიელი – ზურა ყიფშიძე, ავთანდილი – ოთარ კობერიძე, თინათინი – ლეილა ყიფიანი, როსტევანი – ოთარ მეღვინეთუხუცესი, ნესტანი – ლიკა ქავჟარაძე, ფრიდონი – კახი კავსაძე (ფილმიდან “მამლუქი”), დავარი – სესილია თაყაიშვილი, ქაჯეთის პრინცი – რეზო ჩხიკვიშვილი.
მამუკა ენუქიძე:
“ვნახე “ვეფხისტყაოსნის” Trailer, ჰოლივუდის მსახიობების მონაწილეობით და საკმაოდ მომეწონა, მაგრამ მეც და ალბათ ბევრი ქართველიც ისურვებდა უფრო მშობლიური სახეების ნახვას.
შევეცადე ცნობილი ქართველი მსახიობების მონაწილეობით შემექმნა მთავარი პერსონაჟები, რაც შედარებით რთული აღმოჩნდა.
AI მოდელები იწვრთნება მილიარდობით ფოტოზე, რომელიც ინტერნეტშია ხელმისაწვდომი (ჰოლივუდის ვარსკვლავების მილიონობით მაღალი ხარისხის ფოტო არსებობს ყველა რაკურსით, სხვადასხვა განათებით და ემოციით, განსხვავებით ქართველი მსახიობებისა). მაგრამ გარკვეული შედეგის მიღება მაინც შევძელი, იმედია მოგეწონებათ. ზოგიერთი სცენა შექმნილია სერგო ქობულაძის ნახატებიდან.
