თეატრისა და კინოს მსახიობმა ნინო კასრაძემ რუსთაველის თეატრიდან წასვლის მიზეზი საჯაროდ პირველად დაასახელა:
“რუსთაველის თეატრის მსახიობი აღარ ვარ 2019 წლიდან, არასოდეს ამაზე არ მისაუბრია, მაგრამ ახლა ვიტყვი: ცნობილი მოვლენების შემდეგ, გავრილოვის ღამის და იმ ცნობილი მოვლენების შემდეგ, ჩავთვალე, რომ შეუძლებელი იქნებოდა ჩემი ყოფნა რუსთაველის თეატრში. დიდი ხნის ისტორიაა, მაგრამ არასოდეს ამაზე გახსნილად არ მისაუბრია და ახლა ვამბობ. მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან დაიწყო ჩემი ცხოვრება, რუსთაველის თეატრში გაგრძელდა, რუსთაველის თეატრმა გამხადა იმად, რაც ახლა ვარ, უდიდესი წვლილი შეიტანა ამაში, მაგრამ შემდეგ ადამიანები იცვლებიან, ვითარება იცვლება და ჩვენ უნდა მოვიქცეთ ჩვენი შეხედულებების, მრწამსისა და სინდისის მიხედვით…
რაც შეეხება მიმდინარე მოვლენებს, ეს ხელისუფლება აუცილებლად წავა, რა ფორმით, არ ვიცი, მაგრამ ეს ნამდვილად ასე მოხდება და დადგება ჩვენი ნანატრი საქართველოს დრო, როდესაც ჩვენი სამშობლო დაუბრუნდება განვითარების სწორ გზას. რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი უნდა დაიწყოს დღეს.
არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი 2 მსახიობი – კახა კინწურაშვილი და ბაჩო ქაჯაია, რომლებსაც გადადებული აქვთ ყველაფერი და უწყვეტად დგანან რუსთაველზე.
როგორ საქართველოს ვხედავ? მომავალში საქართველოს ვხედავ მხოლოდ კულტურასთან ერთად. კულტურა უნდა იყოს ქვეყნის ავანგარდი, სხვანაირად შეუძლებელია. დღეს რაც ხდება, ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა: რამდენიმე დღის წინ ბათუმის თეატრმა მოხსნა სპექტაკლი და დაწერა თავის გვერდზე, სპექტაკლი მოიხსნა იმის გამო, რომ რეჟისორი თავის სუბიექტურ პოლიტიკურ აზრს გამოხატავს და თეატრი და სცენა არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება ეს მოხდესო. ეს არის დასასრულის დასაწყისი კი არა, ეს არის დასასრულის დასასრული. ეს არის შემდგომი რამდენიმეწლიანი გეგმა გაცხადებული, რომ სცენა არ არის ამის ადგილი. კულტურა ახლა მოიაზრება ასე: ხომ გავარემონტეთ შენობა, ხელფასი ხომ მოვუმატეთ… ეს არაფერს არ ნიშნავს. განსხვავებული აზრი იდევნება. სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელობას რომ ჰკითხო, მუშაობენ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ შეუძლებელია განსხვავებული აზრის გარეშე არსებობდეს თეატრი და კულტურა და კულტურის სხვადასხვა დარგი. მით უმეტეს თეატრი და კინო. პარადოქსალურ მდგომარეობაში ვართ – მე შემიძლია სპექტაკლში სცენაზე ვთქვა როგორც ჰამლეტმა, რომ რაღაცა დალპა დანიაში, დამთავრდება სპექტაკლი, გადმოვდგამ ნაბიჯს და არ შემიძლია დავიწერო “თავისუფლება სინდისის პატიმრებს”. ასეთ კანონებს ღებულობენ და აქამდე მივედით და თვითონაც რომ დაფიქრდნენ რა საზიანოა მომავალი თაობისთვის, კარგი იქნება…
ჩვენ ვეღარ მივიღებთ ესეთ პროტესტს, როგორიც ახლა გვაქვს. ის პროტესტი, რაც ახლა ხელოვანებმა ვაჩვენეთ, ბოლო 30 წლის დამსახურებაა, ავად თუ კარგად, სხვა საკითხია, მაგრამ ეს არის დამოუკიდებელ საზოგადოებაში აღზრდილი ხელოვანი. მაგრამ თუ ასეთი კანონებით ვიცხოვრებთ, ხვალ არავინ აღარ გამოვა, იმიტომ რომ არ არის სცენა სუბიექტური აზრისთვის. არაადა ხელოვნება სუბიექტურია!
ასევე მინდა ვისაუბრო კინოზე. მესამე წელია ჩვენი კინოცენტრი არ ფუნქციონირებს. კი, მას ჰყავს თავისი დირექტორი, მაგრამ ბოლო ნამუშევარი, ამ შემოდგომაზე ბოლო ფილმი იყო და მორჩა, აღარაფერი აღარ დაფინანსდება. არადა, კინოცენტრი არის მთავარი არტერია კინოში. ქართულ კინოს ჰქონდა აღზევების ხანა, შემდეგ შეჩერდა, ნაციონალური მოძრაობის დროს ჩამოყალიბდა კინოცენტრი, კონკურსის პრინციპი არსებობდა, დაფინანსება არსებობდა, წახალისება არსებობდა, ახალი სისხლი იყო, ქართული ოცნების დროს კვლავ აგრძელებდა მუშაობას და ეს გაჩერდა. რატომ? იმიტომ რომ 70 პროცენტი, ვინც წარმოადგენს ლოკომოტივს, ბოიკოტში არიან – რეჟისორები, მსახიობები და ტექნიკური პერსონალი. თავად თბილისის საერთაშორისო კიონოფესტივალი დაფინანსების გარეშეა და სულს ღაფავს. თუ მიხვალ ვინმესთან და სთხოვ, დამაფინანსეო, ისიც დაფიქრდება, ჩაეთვლება პოლიტიკურში თუ არა.
იგივე ხდება მხატვრობაში, ლიტერატურაში, კულტურის ყველა სფეროში. 25 წელია წიგნის ფესტივალი ტარდება, სულ თავიდან ფილარმონიაში იყო, ისე ცოტა გამომცემელი იყო, თანდათან გაიზარდა და ახლა ათასობით წიგნს სთავაზობს ლიტერატურის მოყვარულებს. 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველომ წარადგინა ქართული კულტურა როგორც უნიკალური. იქ ვიყავი და ვნახე, როგორ წარსდგა ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი, როგორი შეფასებები ჰქონდა საქართველოს და ამ დროს საქართველოში წიგნის ფესტივალს არ აქვს დაფინანსება. არადა, დრო არ იცდის, ეს ნიჭიერი ახალგაზრდები, ვინც კულტურაშია, წავლენ, ისედაც წკიპზე არიან, იმიტომ რომ რამდენი ხანი შეიძლება იყო უფულოდ, უსაქმოდ, უსიტყვოდ… ხელოვნება და სპორტი არის ის, რაც გადაარჩენს ახალგაზრდობას ნარკოდამოკიდებულებისგან, სასმელისგან, თამაშისგან, ათასი მავნებლობისგან.
ეს საკითხები ისეთივე მნიშვნელოვანია მომავალი საქართველოსთვის, როგორც სოციალური პრობლემები, ჯანდაცვა, უსაფრთხოება, კრიმინალი, საქართველოს დამოუკიდებლობა… დღევანდელი მოცემულობით, უმძიმეს მდგომარეობაში ვართ.
გაუფრთხილდით კულტურას, შეინარჩუნეთ და გახსოვდეთ, მომავალო პოლიტიკოსებო, რომ დღეს ახალგაზრდები ვინც არიან, მაშინაც ძალიან კრიტრიკულები იქნებიან შემდგომი ხელისუფლებების მიმართ.”
