გარდა იმისა, რომ ივანე ჯავახიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დააარსა, მისი გადარჩენისთვისაც მოუწია ბრძოლა.
დათო სიმონია:
“რეჟიმები განათლებას ისე უფრთხიან, როგორც ღამურები – შუქს. ასეა ახლაც. ასე იყო ყოველთვის, საბჭოთა კავშირის დროსაც. ეს კანონზომიერება ბევრს შეეხო, მათ შორის ივანე ჯავახიშვილს: ისტორიკოსს, კავკასიაში პირველი უნივერსიტეტის თანამდამფუძნებელს და რექტორს.
1921-ში რუსეთმა საქართველო რომ მიიტაცა, ყველამ იცოდა, ქვეყანას სინათლისგან რომ დაცლიდნენ. მეგობრები ჯავახიშვილს მაშველ რგოლად ემიგრაციას სთავაზობდნენ, მაგრამ მეცნიერმა “ცოდნის ტაძრის” დაცვა არჩია. დარწმუნებული იყო, მალე მიადგებოდნენ გამოსაშიგნად.
მიადგნენ კიდეც ოკუპაციის პირველივე დღეებში, როცა ქალაქში ყველა დაბნეული იყო. ამ დაბნეულობით ისარგებლა თბილისის სათათბიროს ერთ-ერთმა ხმოსანმა არშაკ ბაბოვმა. ბაბოვს უნივერსიტეტის ნაგებობის დასაკუთრება უნდოდა და ამისთვის შენობის გასაღებს ითხოვდა. ხომ არ გეცნობათ უნივერსიტეტის შენობებზე ნადირობის ვნება?
ჯავახიშვილის შეუვალობის წყალობით ბაბოვს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. საოკუპაციო რეჟიმის პირველივე დღიდან “ქართველი ერის სინდისად” წოდებული მეცნიერი უნივერსიტეტში იყო და საკუთარი სიმტკიცით ამაგრებდა. რაღაც ხანი შეძლო გამაგრება, მაგრამ ბაბოვის მერე დაწესებულებას ბოლშევიკები მიადგნენ.
ჯავახიშვილი არც პარტიული იყო, არც პოლიტიკურად აქტიური, მაგრამ საკუთარ თავში ატარებდა მეცნიერის დამოუკიდებლობას. ეს საკმრისი აღმოჩნდა მისი დევნის დასაწყებად. ჯერ პროპაგანდით მიეპარნენ, მერე პარტიულ სტუდენტებს დაავალეს ვითომ კრიტიკული სხდომების მოწყობა და ჯავახიშვილის ლექციების ჩაშლა. საბოლოოდ, სასწავლებლის დამფუძნებელი საკუთარი უნივერსიტეტიდან გააგდეს. ეს კეთდებოდა საუნივერისტეტო ცხოვრებისა და განათლების გაუმჯობესების სახელით. ზუსტად ისე, როგორც დღეს.
ჯავახიშვილი არ დაუხვრეტიათ, მაგრამ როგორც მეცნიერი, მოკლეს: ჩამოაშორეს სტუდენტები, შებოჭეს მუდმივი კრიტიკით, გაუუქმეს საჯარო ცხოვრება და სამეცნიერო სკოლა. ამით დაძაბუნებული გარდაიცვალა 1940 წელს.
უნივერსიტეტი და განათლება ისევ დასაცავია. უფრო სწორად, დასაცავია ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრების ხარისხი, რისი ერთ-ერთი გარანტიც განათლებაა.”
