19 წლის მარო მაყაშვილზე ძალიან კარგი წერილი შემოგვთავაზა რეჟისორმა სანდრო ელოშვილმა:
“ამბობენ ციოდაო, თოვდაო…
რუსი მოდიოდა… როგორც მაჭავარიანი ამბობს “დიდი არა, ბევრი მხოლოდ…” მოდიოდა და ჩვენც ღირსეულად დამარცხებას ვცდილობდით… არწივია წითელ წიგნში და გადაშენების პირას, სიკვდილის წინ, ფრენა რომ აღარ შეუძლია და ნისკარტს იტეხს, მძორი რომ არ ჭამოს, თორემ ღორს რა გამოლევს ქვეყანაზე, განავალის ჭამაც რომ შეუძლია და განავალში ძილიც… ღორი მოდიოდა, ბოლო რომ არ უჩანდა იმდენი…
ლევან წულაძე მიყვებოდა ფაცია ბებიას მოყოლილ ისტორიას…
“ჩემმა ძმამ მოირბინა სახლთან და დამიძახა – ფაცია, ჩვენებმა დატოვეს ქალაქიო – ამის მერე სამი დღე შემოდიოდა ქუთაისში რუსის ჯარიო…”
იუნკერთა სასწავლებლის დამაარსებელზე ვფიქრობ, გენერალ გიორგი კვინიტაძეზე… მის ვაჟკაცობაზე და პატრიოტიზმზე კი არა… ეგ ყველამ იცის…
მის სიტყვებზე, ბიჭებს რომ ასე ამხნევებდა:
“იმ ტყვიის წუილს, რომელიც მოგხვდება, ვერ გაიგონებ…”
2008 წელი რომ მახსოვს, ის თბილისი რომ მახსოვს, ქართველი ჯარისკაცები რომ მახსოვს, ის ომი რომ მახსოვს, რუსს რომ არ უნდოდა და “ჩვენ რომ დავიწყეთ”…
წარმომიდგენია მაშინ რა იყო… მაშინ, 1921 ში…
ციოდაო… ასე ამბობენ.
კოჯორში თოვდაო…
19 წლის იყო, მოხალისედ ჩაეწერა “წითელ ჯვარში”… ასე მოხვდა ძმასთან ერთად კოჯორში…
ლამაზი გოგო იყო…
მარო ერქვა…
წერილებს იწერებოდა, გავიმარჯვებთო…
19 თებერვალს მოკვდა… ყუმბარის ნამსხვრევით…
თავისუფალ საქართველოში მოკვდა… თავისუფლებისთვის…
ამბობენ ომში სიკვდილს ის პლიუსი აქვს, შენს ქვეყანას დამარცხებულს ვერ ნახავო…
გგონიათ მაშინ არ უქნევდნენ კურტუმოს ჩრდილოელს?
გგონიათ მაშინ არ დახვდა ინტელიგენცია დროშებით რუსთაველზე შემოსულ რუსის ჯარს?
გგონიათ მაშინ არ იყვნენ “აბა ომი გინდათ” ხალხი?
23 თებერვალს დაკრძალეს იუნკერებთან ერთად… სამხედრო ტაძრის ეზოში… ახლა რომ პარლამენტი წამოჭიმულა და ჩვენი ბედი წყდება და იწონება…
24 ში… როგორც ჭოლას ბებია, ფაცია იტყოდა “ჩვენებმა დატოვეს ქალაქი…”
25 ში კი რუსი მოვიდა… მოვიდა და აღარასდროს აღარ წავიდა…
ორჯონიკიძე უპატაკებს სტალინს:
თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს!
დილით რომ გავიღვიძე, ციოდა… ფანჯრიდან თოვლი დავინახე… გავიხედე… გამეხარდა… მომეწონა… ტრუსით მივტანტალდი გათბობის ქვაბთან, მოვუმატე ტემპერატურას და ისევ ჩავწექი… ტელეფონი ავიღე და თარიღს დავხედე… 19 თებერვალი… სულ მახსოვს ეს დღე…
ყელში რომ გახრჩობს, იმ ტკივილით მეფიქრება როგორ ათოვდათ იმ პატარა გოგო-ბიჭებს, ჩვენი დაბადებისთვის რომ დაიხოცნენ კოჯორში…
შურის დედა ვატირე, ჩემი შვილების ხვალინდელ გათენებას გეფიცებით, არც სხვისი სიმდიდრის მშურს… არც სხვისი გამარჯვების…
ამ ცხრამეტი წლის გოგოსი კი ძალიან… ძალიან…
ლამაზი რომ იყო… მარო რომ ერქვა მაყაშვილი…
მამამ რომ ლექსი დაუწერა…
საქართველოს მე ვაღმერთებ, არას ვეტრფი იმის გარდა,
ეხლა მით ვარ ბედნიერი, რომ შენც იგი შეგიყვარდა…”
