გივი და ზურა ბერიკაშვილების უნიკალური ვიდეო

მსახიობების გივი და ზურა ბერიკაშვილების უნიკალური ვიდეო 1996 წელს ზურა ბერიკაშვილის დაბადების დღეზეა გადაღებული. გივი ბერიკაშვილი შვილის – ზურას დაბადების ამბავს ყვება. ვიდეოში საუბრობს მსახიობი ზურა ქაფიანიძეც. სხვათა შორის, ზურა ბერიკაშვილს სახელი სწორედ ზურა ქაფიანიძემ დაარქვა.

გივი ბერიკაშვილი:

“დავწერე წერილი: “ზურა, მაწონი წავიღე საავადმყოფოში, გასაღები არის მოპირდაპირე 2-ოთახიანში, ახლავე მოვალ. ერთი დანჯღრეული ვილისი ჰყავდა – ორკარიანი, აუღია შამპანური, ისა-ესა და მოაყენა მანქანა ჩემს სადარბაზოსთან: -ჰეეეეეეეეი, – ყვირის. ვინ გასცემს ხმას, – ბერიკაშვილოოოოოო, – არავინ არ იყურება. ის წერილი თავისით ვერ ჩამოვიდოდა დაბლა, ხმას არავინ სცემს. კაცს ახლა ველაპარაკე ტელეფონზე, ფიქრობს, მემალება თუ რაშია საქმე. – მეზობლებო, – დაიყვირა. ღრიალებს, მთელი კორპუსი გამოვიდა. – ვისაც გაგიხარდათ გივი ბერიკაშვილს რომ ვაჟი შეეძინა, ჩამოიტანეთ თითო ჭიქა და ჩამოდით დაბლაო.

სანამ სამშობიაროში მივიტანე მაწონი, სასწრაფოდ მოვედი და რას ხედავს ჩემი თვალები: სადარბაზოს წინ, 20 კაცი მოგროვილა, ზოგს ბანკა უკავია ხელში, ზოგს – ჭიქა და არის ამ შამპანურების სმა და გრიალი. ..”

ზურა ქაფიანიძე:

“სიყვარული, რომელიც მე და მამაშენს გვაქვს, გვქონდა და გვექნება, ღმერთმა შეგახვედროს ცხოვრებაში და ისეთი გულით იარე, მამაშენი რომ დადის და უკეთესითაც, იმიტომ რომ ჩვენ შვილები უკეთესები გვინდა.

სულ გეუბნებოდი სცენაზე, როცა დარბაზში 3500 კაცი იჯდა, არ დაემგვანო მამაშენს-მეთქი და კვდებოდნენ სიცილით,  ის ხალხი ისე იგებდა, როგორც საჭიროა და დღეს გეუბნები, დაემგვანე მამაშენს და უკეთესი იყავი!”