მსახიობი დოდო აბაშიძე გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი მსახიობი იყო, ადამიანების საოცარი თანადგომა იცოდა.
მისი შვილი, ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე ერთ ამბავს განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებს:
“დოდოს გარდაცვალების შემდეგ, მივდივარ საფლავთან დიდუბეში, ძალიან ხშირად მხვდება დანთებული სანთელი. ვერაფრით ვერ ვნახე ის მომენტი, ვინ ანთებს ამ სანთლებს. შემდეგ ვკითხე იქ მომუშავეებს პანთეონში – ვინ მოდის, ვინ აკეთებს, ჰკითხეთ-მეთქი. ვიღაც მამაკაცი მოდის და ხანდახან მასთან ერთად ქალბატონიცო, მითხრეს.
თურმე რა ხდება: ამ მამაკაცს რომელიღაცა რესტორანში დაუნახავს, რომ დოდო მეგობრებთან ერთად ქეიფობს. როგორც კი წამოიშალნენ სუფრიდან და გავიდნენ გარეთ, ეს კაცი გაედევნა დოდოს და უთხრა, თქვენთან რაღაც საქმე მაქვს, ეგებ დამეხმაროთ, ამდენი ხანია ბინის რიგში ვარ, 6 შვილი მყავს და ვაგონში ვცხოვრობთ, ეგებ ვინმესთან შემაწიოთ ხმაო. წამოდი, გურამთან წავიდეთო და ბატონ გურამ გაბუნიასთან მისულან. დოდოს აუხსნია მისთვის, არაჩვეულებრივი ქართველი ბიჭია, 6 შვილი ჰყავს – 2 გოგო, 4 ბიჭი, ვაგონში ცხოვრობს და წლებია ბინის რიგში დგასო. ბატონმა გურან გაბუნიამ იმ წუტში, იმ დღესვე გადაწყვიტა ეს საკითხი ამ ოჯახის სასიკეთოდ. მართლა მიიღეს ბინა, მოვიდნენ დოდოსთან და უთხრეს, რითი გადაგიხადოთ მადლობაო. დოდომ უპასუხა, რომ მოვკვდები, მოდი ჩემს საფლავზე და სანთელი დამინთე ხოლმეო. თურმე ესენი მოდიან და ანთებენ სანთელს.”
