მსახიობი ნინო კასრაძე მისი თაობის ხალხს საჯაროდ მიმართავს:
– 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ გვამცნო, რომ საქართველომ შეაჩერა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, ანუ საქართველოს ევროინტერგრაცია შეჩერებულია 2028 წლის ბოლომდე. ასე დაიწყო: დღეს, როდესაც ჩვენ ვასუბრობთ ანდრო ჭიჭინაძეზე, როდესაც ვამბობთ, თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს, ჩვენ არ ვგულისხმობთ მარტო ანდროს, ეს ეხება ყველას, ახალგაზრდას და უფროსს, რომელიც დღეს არის პატიმარი. ანდრო ჭიჭინაძე არის სახე იმ ხალხის, იმ ახალგაზრდების, იმ უფროსების, რომლებიც სისტემის ტყვენი არიან. ეს ძალიან სევდიანი განცდაა, მაგრამ ამავე დროს ამაღელვებელიც და რაღაც მომენტში მამოტივირებელიც იმიტომ, რომ ჩვენი კოლეგა, ახალგაზრდა კაცი, ჩემთვის უბრალოდ ბიჭი, ანდრო ჭიჭინაძე, მსახიობი გახდა ერთგვარი სიმბოლო, ნუგეში და იმედი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ანდროსგან განსხვავებით საზოგადოება არ იცნობს სახეზე. მაინც რატომ ანდრო? იმიტომ რომ ანდრო არის მაგალითი, მისაბაძი ახალგაზრდებისთვის, იმიტომ რომ ანდრო არის მისაბაძი მაგალითი მისი კოლეგებისთვის, ჩემთვისაც. იმიტომ რომ ის არის უაღრესად თავშეკავებული ახალგაზრდა კაცი. მას, როგორც გვითხრეს, ჰყავს პატარა შვილი და ადარდებს, ეს შვილი როგორ გარემოში გაიზრდება, როგორ საქართველოში. ბოლო ერთი კვირაა უპრეცედენტო შეტევაა ანდროზე და მის ოჯახზე, ცდილობენ ჩირქი მოსცხონ მის რეპუტაციას. ანდროს არ შეუძლია უპასუხოს. ის ციხეშია, მაგრამ ჩვენ მისი მეგობრები, ახლობლები, ნათესავები, უფროსები, უმცროსები, მისი კლასელები, ყველა დავიცავთ მის ოჯახს, ჩირქს არ მოვაცხებინებთ, მის ავტორიტეტს არ შევალახინებთ, ჩვენ ვიტყვით სიმართლეს. ხოლო რაც შეეხება ანდროს, მას საკმაოდ ტკივილი აქვს თავის ცხოვრებაში გამოვლილი და ის ამ ტკივილსაც მოერევა.
2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ გვამცნო, რომ საქართველოს ევროინტერგრაცია შეჩერებულია 2028 წლის ბოლომდე და ამით დაიწყო: ათიათასობით ახალგაზრდა გამოვიდა ქუჩაში. ახლა ისინი იქ დგანან, რეპრესიებს უძლებენ და თავის სიმართლეს იცავენ. ეს იცით ვინ არიან? ესენი არიან ჩვენი მომავალი, ესენი არიან ჩვენი დასაყრდენი, ეს ის ხალხია, ვინც ბოლო გზაზე უნდა გაგვაცილოს, მე, მაგალითად, და ჩვენი სიბერე უნდა უზრუნველყონ. ესენი არიან მომავალი ექიმები, მასწავლებლები, სამართალდამცავები… იმის მაგივრად, რომ ახლა ჩვენ ამ ბავშვებს მივცეთ დასვენების, გართობის, სწავლის, მუშაობის, მოგზაურობის საშუალება, ისინი იძულებულები არიან აპროტესტონ და თან რეპრესიები იწვნიონ თავის თავზე. როგორი გაუგებარიც არ უნდა იყოს მათი და როგორც არ უნდა ეთანხმებოდე, ნუთუ აღარ დადგა დრო, რომ მოუსმინო და დაელაპარაკო მათ. მე დაღდასმული თაობა ვარ, შიშით და აკრძალვებით, ეს კი ის თაობაა, ბოლოს და ბოლოს რომ გვეღირსა, მოვიდა დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ახალგაზრდა თაობა, რომელსაც არ ეშინია – იცის რა უნდა, აქვს თავისი ხედვები, განჭვრეტს მომავალს და ერთადერთი რაც აკლია გამოცდილებაა და თუ ჩვენ ხელს არ შევუშლით და ვაცდით, ეს გამოცდილებაც ექნებათ. და ასეთ ხალხს ეძახიან ხან უსამშობლოებს, ხან მოსყიდულებს, ხან მართულებს. ჩვენი შვილები, თქვენი შვილები ამას არ იმსახურებენ.
მივმართავ ჩვენი თაობის ხალხს – ძალიან დიდი პასუხიმგებლობა გვმართებს, როგორც არასდროს, ისე უნდა გადავდოთ ჩვენი ამბიციები, გავერთიანდეთ და ჩვენ ვიყოთ ჩვენი შვილების ფარი. ჩვენ სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ მათაც, ვინც ჩვენსავით არ უყურებს რაღაც საკითხებს. დიდი სიბრძნე გვმართებს და არაფრით არ შეიძლება რომ ჩვენ საბედისწერო შეცდომა დავუშვათ, რადგან მერე ეს იქნება წარმოუდგენელი ტვირთი, რომელსაც ჩვენ ვერ ვატარებთ.
2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ გვამცნო, რომ საქართველოს ევროინტერგრაცია შეჩერებულია 2028 წლის ბოლომდე. გუშინ და გუშინწინ ჩემმა მეგობარმა, ძვირფასმა ადამიანმა, მაგრამ სხვა პოზიციაზე მდგომმა მითხრა, რომ შენი შვილები იქ არ იქნებოდნენ, ისინი ამას არ გააკეთებდნენო და ნუ მოვიტყუებთ თავს, ჩემო მეგობრებო, ჩემი შვილებიც იქ არიან, თქვენი შვილებიც და იმათი შვილებიც, ვინც არ იზიარებს ჩვენს პოზიციას. ანდროს ადგილას ყველა შეიძლება ყოფილიყო, ნებისმიერი ჩვენი ახლობლის, მეზობლის, ნათესავის ბავშვი, რომელსაც ქუჩაში, ეზოში იცნობ. არ მოვიტყუოთ თავი! ჩვენს ბავშვებს აქვთ ლეგიტიმური კითხვები და ლეგიტიმური ბრაზი და ამ ბრაზს პასუხი უნდა გავცეთ, მკვდარი რობოტის მსგავსი ბგერები კი არ უნდა დავუპირისპიროთ. ადამიანური სიტყვა ენატრებათ, ამიტომ არ მოვიტყუოთ თავი – ჩვენი შვილები იქ დგანან, თქვენი შვილებიც იქ დგანან. ეს არ არის ზრდილობის, ეთიკის და ესთეტიკის საკითხი, ეს არის რწმენის საკითხი! თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და სისტემის უკლებლივ ყველა პატიმარს!
