მსახიობ გია ფერაძისა და ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის დათო ყიფიანის არაჩვეულებრივი ამბავი რეჟისორმა სანდრო ელოშვილმა გაიხსენა:
“თავს ვერ დავდებ ამ ამბის დეტალების სიზუსტეზე და სინამდვილეზე, მაგრამ ასე მსმენია, ძალიან მიყვარს და ასევე მოგიყვებით:
1981-ში “დინამომ” რომ თასების თასი მოიგო, მალევე გამოვიდა ვაჟა აზარაშვილის სიმღერა “დინამო”, რომელიც როგორი პოპულარულია დღემდე ყველამ ვიცით…
მოკლედ, ახლა სხვა ისტორია… გია ფერაძე განთქმული იყო თავისი “ჟულიკობებით”, ერთ დღესაც გადაწყვიტა რომ გემრიელად უნდა მოლხენა… სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ყიფინების ოჯახში დარეკა და ოჯახს გაესაუბრა:
– გამარჯობა, კომპოზიტორი შოთა მილორავა გახლავართ, დიდი პატივისცემით და სიყვარულით თქვენი ოჯახის მიმართ, ჩემმა კოლეგამ, ბატონმა ვაჟამ დიდებულად ასახა, ამ ბიჭების გამარჯვება თავის სიმღერაში, მაგრამ ამ ამბავში ცალკე მინდა დათოს ამბავი გამოვყო და მინდა სიმღერა მივუძვნა, ოღონდ ზედაპირული რომ არ ვიყო, უშუალოდ ოჯახში მინდა ვნახო როგორიაო…
გაუხარდათ! დათოსაც შეატყობინეს, ვინ იტყოდა უარს, როცა ამხელა კომპოზიტორი ასეთ რამეს გთავაზობს, იმავე დღეს სტუმრობაზე შეთანხმდნენ.
დიდი სუფრა გაიშალა ყიფიანებში! პირობითად სამ საათზე, გენიალური დავით ყიფიანის ოჯახში, გენიალურ შოთა მილორავას ელოდებიან… დაირეკა ზარი და გიაა ფერაძე…
სტუმარს უკან ხომ არ გააბრუნებდნენ, ესაც ვითომ შემთხვევით მივიდა…
კითხულობს – რა ხდება?
არაფერს ეუბნებიან…
რამე დღესასწაულია? ვინმეს ელოდებით?!
პასუხი არ არის!
ელოდნენ, ელოდნენ, ელოდნენ… რომ არ მივიდა შოთა მილორავა (ან რას მივიდოდა…) გაჩაღდა ქეიფი, სტუმრებიც არიან, ოჯახის ახლობლები, მეგობრები… რა გასაკვირია, რომ მაგრად და გემრიელად მოილხინეს!
მაგრამ მილორავას არავინ ახსენებს, ხომ არ ეტყვიან გადაგვაგდოო?! ვითომ ისე, სახელდახელოდ გაიშალა სუფრა…
მოკლედ კარგად არიან უკვე, გვიანია და იშლებიან!
აცილებენ გიას კარებში, მადლობებს უხდის ყველას, შემოუტრიალდა ოჯახს და:
– აი, ხომ არაფერი აკლდა სუფრას, მაგრამ ერთი რამე დამაკლდაო…
გაგიჟდნენ, რა იყო გია, რა არ მოგეწონა, რა დაგაკელით გვითხარიო…
– არა, არა! ყველაფერი კარგად იყო, ყველაფერი გადასარევი, უბრალოდ მთელი საღამო ისეთი შეგრძნება მქონდა, სულ მეგონა რომ შოთა მილორავა უნდა მოსულიყოო…
კიდევ ვიმეორებ, ისტორიის სინამდვილეზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ იმას დანამდვილებით ვიტყვი, დღეს მართლა გენიალური ქართველი კომპოზიტორის, ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი მაგარი ქართული სიმღერის ავტორის, შოთა მილორავას 100 წლის იუბილეა!
