მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის შემოქმედებითი ცხოვრება აღსავსე იყო მრავალფეროვანი, გამორჩეული და დაუვიწყარი ისტორიებითა და მოგონებებით.
“არტ ინფო” მის ერთ-ერთ წერილს გიზიარებთ:
“ფილმს „დათა თუთაშხია” ეპიზოდური თანმიმდევრობით ვიღებდით. ყოველი გადაღების შემდეგ ჭაბუასთან ერთად მთელი გადამღები ჯგუფი ვიკრიბებოდით და საპროექციო დარბაზში ვუყურებდით მასალას.
ფილმის მეორე სერიის გადაღება ისე დავიწყეთ, რომ ვერ გავიგეთ ჩვენი ნამუშევარი მოსწონდა თუ არა მწერალს, მაგრამ რესტორნის სცენამ, სადაც მუშნი ზარანდია და დათა თუთაშხია შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს, სრულიად შეცვალა დამოკიდებულება ჭაბუა ამირეჯიბსა და გადამღებ ჯგუფს შორის, რაც კინოში იშვიათად ხდება: ეკრანზე თენგიზ არჩვაძე გამოჩნდა მსხვილი ხედით და პირველად მთელი ამ ხნის განმავლობაში გავიგონეთ ჭაბუას ხმა, რომელიც ჩუმად იჯდა ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში და ეკრანს ადევნებდა თვალს. ეს იყო ნიშანი, რომ მგონი, რაღაც მოეწონა. შემდეგ კადრში გამოჩნდა ჩემი პერსონაჟი მსხვილი ხედით, მომდევნო კადრში თენგიზ არჩვაძის ხედი კიდევ უფრო „გამსხვილდა” – ჩვენი გმირები უკვე პირისპირ უყურებდნენ ერთმანეთს და უცებ ბნელ დარბაზში ჭაბუას ქვითინი გავიგონეთ…”
