ზაალ სამადაშვილის ძალიან კარგი წერილი

მწერალ ზაალ სამადაშვილს ერთი სიტყვით ყველა ასე ახასიათებს – ადამიანი. მართლაც რთულია იყო ადამიანი ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.

“არტ ინფო” გიზიარებთ მწერლის ჩანაწერს:

“ოცდამესამე

ჩვენ ასე ვიცოდით – ოცდამესამე ყველაზე მაგარი სკოლა იყო…

ყველაზე მაგარი მარტო პლეხანოვზე კი არა, მთელ თბილისში. ის ჯობდა მთაწმინდელების – პირველს, ვერელების – ორმოცდამეცამეტეს, ავლაბრელების – კობახიძის სკოლას და ვაკელების – ორმოცდამეთხუთმეტეს.

ჯერ მარტო შენობა რად ღირდა – ძველისძველი, მკვიდრად ნაგები, სამსართულიანი, თანამედროვე ხუთსართულიანი სახლის სიმაღლე. დიდფანჯრებიანი, მოჩუქურთმებული კედლებით, მარმარილოს კიბეებითა და მრავალსანთლიანი ჭაღებით დახუნძლული ვრცელი დარბაზით. ასეთ დარბაზებში ძველ დროს ბალ-მასკარადები იმართებოდა
სარდაფი?..

წიგნებში აღწერილი ვერცერთი ლაბირინთი ვერ შეედრებოდა მის თაღოვან, ბრტყელი აგურით მოპირკეთებულ კორიდორებს, რომელთა მოზრდილ, ოთახისტოლა ნიშებში ერთი-ერთზე საჩხუბრად ჩამოდიოდნენ უფროსკლასელები. სიგარეტსაც იქ ვეწეოდით; თავიდან “პრიმას”, უფილტრო სიგარეტს, მოგვიანებით “ლუქსს”, ფილტრიანს, მაგრამ “პრიმასავით” უხარისხო თუთუნით დატენილს. სარდაფში სწავლაც მიმდინარეობდა. იქ იყო ხატვისა და შრომის კაბინეტები – ორი დიდი ოთახი, ერთი – თუნუქგადაკრული, საზეინკლო გირაგებიანი მაგიდებით, ხოლო მეორე – სახატავი დაფებითა და თაბაშირის ფიგურებით კედლების გასწვრივ.

გირაგებში რკინის ნაჭრების ჩამაგრებას და გაპრიალებას თაბაგარი გვასწავლიდა, საშუალო ტანის ჩაფსკვნილი კაცი, რომელსაც თავი მუდამ ნოლზე ჰქონდა გადაპარსული. მიუხედავად უხეშობის ზღვარზე გამავალი სიმკაცრისა, ამ მასწავლებელს არ ვერჩოდით, გაკვეთილის ჩატარებაში ხელს არ ვუშლიდით. შიშზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო, ალბათ უფრო იმიტომ, რომ თავის ხნის მამაკაცებისგან განსხვავებით სიმელოტეს კეფიდან და საფეთქლებიდან ავარცხნილი თმის ღერებით არ იფარავდა და პერიოდულად იხოტრავდა თავს, როგორც იულ ბრინერის ლეგენდარული გმირი კრისი საკულტო ფილმ “შესანიშნავი შვიდეულიდან”.

სანამ წამოვიჩიტებოდი და ბავშვობიდან მოზარდობაში შევაბიჯებდი, მეგონა, რომ სარდაფის ის მონაკვეთი, სადაც ხატვას ვსწავლობდით, იმ ბერიკაცის ბინა იყო, ვისაც ფანქრის ერთი მოსმით ქაღალდზე დახატული ბრტყელი გამოსახულებისთვის მესამე განზომილების მინიჭება შეეძლო. მეტიც, ვფიქრობდით, რომ ის ჩვენი სკოლისთვის დაახლოებით ისეთივე ვინმე გახლდათ, როგორც თოვლის პაპა. მითუმეტეს რომ ბერიკაცს თოვლის პაპასავით თეთრი, ფაფუკი თმა-წვერი ჰქონდა და ყველა – მასწავლებელიც, მშობელიცა და მოსწავლეც სერგო პაპას ეძახდა.

სარდაფივით მიმზიდველი და არანაკლებ იდუმალი იყო სხვენი – მტვრის სქელი ფენითა და აბლაბუდების ქსელით დაფარული სამყარო. აქედან წითლად შეღებილ თუნუქის სახურავზე შეიძლებოდა გასვლა და თვრამეტი-ოცი მეტრის სიმაღლიდან ქვევით გადმოხედვა; ეზოში, სადაც დამშრალი შადრევნის შორიახლოს უმცროსკლასელები “ორ დროშას” თამაშობდნენ, ანდა ქუჩაში, სადაც კანტიკუნტად მოძრაობდნენ “პობედები”, “ვოლგები” და ახალგამოსული “მოსკვიჩ-408”-ები. სიგარეტის მოწევა სხვენშიც შეიძლებოდა, მაგრამ იქ ეს გაცილებით სახიფათო იყო, ვიდრე სარდაფში; მალულად დადევნებულ და თავზე წამომდგარ დამრიგებელს ხელიდან ვერ დაუსხლტებოდი, რადგან ქვედა, მესამე სართულს მხოლოდ ერთი კიბე უკავშირდებოდა.

ეს კიბე ფიზიკის კაბინეტის ვეებერთელა, მუქყავისფრად შეღებილ კართან ჩადიოდა. კარს მიღმა ვრცელი, უნივერსიტეტის აუდიტორიასავით ოთახი იყო – ხის ამფითეატრი, საფეხურებზე მაგიდებით და სკამებით. ამფითეატრის წინ მოძრავი, ორმაგი დაფა ეკიდა. ცარცით ხელში ამ დაფასთან დგებოდა დიმიტრი, შუახანს გადაცილებული კაფანდარა კაცი და ჩახლეჩილი ხმით და მკვეთრი ჟესტიკულაციით ხსნიდა არქიმედესა და ნიუტონის, გალილეისა და ჰუკის, ავოგადროსა და ფარადეის მიერ დადგენილ კანონებს. მეცნიერთა სახელებისა და გვარების წარმოთქმისა ისე ირჯებოდა, როგორც სამეფო კარის ცერემონმაისტერი საპატიო სტუმრების – გრაფებისა და ჰერცოგების წარდგენისას – ხმას უწევდა, სიტყვებს წელავდა და ერთ-ერთ მარცვალზე აქცენტს აკეთებდა…

იმავე სართულზე იყო ქიმიის კაბინეტიც. ისიც სამეცნიერო-საკვლევ ლაბორატორიასავით მოწყობილი – მერხების ნაცვლად წყლის ნიჟარებიანი მაგიდებით, ონკანებით და შემინულ კარადებში განთავსებული სხვადასხვა ზომის კოლბებით, სინჯარებითა და შტატივებით. მასწავლებელი – ქალი იყო, ჟღალი თმა ჰქონდა, მოკლედ იჭრიდა; მუდამ გახამებული, სილურჯემდე გაქათქათებული თეთრი ხალათი ეცვა. შესასწავლი საგნისადმი მისი ფანატიკური დამოკიდებულება გადამდები იყო, რის გამოც ჩემი კლასელების ნაწილი ქიმიკოსობაზე ოცნებობდა. მათ შორის, რამდენიმე ბიჭი ცდებს შინაც ატარებდა და ისეთ ნაერთებს ამზადებდა, რომელთა აფეთქება მაგრად აფრთხობდა სამიზნეებს – აბეზარ, ჭკუის დარიგების მოყვარულ უფროსებს და ზედმეტად მფრთხალ გოგოებს.ერთხანს გვეგონა, რომ საკუთარი ხალათივით სიცივის გამომსხივებელ ქალს ქიმიის გარდა არაფერი აინტერესებდა, თუმცა მოგვიანებით, ხუთოსანი გოგოებისგან შევიტყვეთ, რომ მას ძველი ამერიკული ფილმი – “ვატერლოოს ხიდი” მოსწონდა და უყვარდა მისი მთავარი გმირის, ინგლისელი ოფიცრის როლის შემსრულებელი რობერტ ტეილორი.

ქართული ენისა და ლიტერატურს მასწავლებელს, ქიმიკოსზე არანაკლებ მკაცრ ქალს ვინ უყვარდა, არ ვიცოდით. ეგ კი არა, რომელი ავტორი და ნაწარმოები იზიდავდა, იმას ვერ ვადგენდით. ერთნაირი გულმოდგინებით და ჩაკირკიტებით გვაზუთხვინებდა “სტუმარ-მასპინძელს”, “ტარიელ გოლუასა” და “კოლხეთის ცისკარს”. ჩვენ თავად უნდა მივმხვდარიყავით, ან ოჯახის წევრებს უნდა ეკარნახათ, რომელი ლიტერატურული პერსონაჟი იმსახურებდა მეტ თანაგრძნობასა და პატივისცემას, თორემ მასწავლებლის პათოსი და ყურადღება ერთნაირად და თანაბრად ნაწილდებოდა ჯოყოლა ალხასტაიძესა და მექი ვაშაკიძეზე. სამაგიეროდ წერას გვასწავლიდა კარგად; უფრო სწორად, სიტყვებისგან – წინადადებების, წინადადებებისგან – აბზაცების, აბზაცებისგან – სასურველი ტექსტის კონსტრუირებას. ამ საქმის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად, ერთგვარ დუღაბად, ორთოგრაფიას მიიჩნევდა და რაოდენ კარგადაც არ უნდა გქონოდა ჩამოყალიბებული აზრი, სასვენი ნიშნების უზუსტოდ დასმას არ გაპატიებდა და ნაწერს წითელი განახაზებით და კითხვის ნიშნებით აგიჭრელებდა…

თითქმის ყველა ქვეყნის ისტორიას გვასწავლიდნენ. უნდა გვცოდნოდა ყვითელდოლბანდიანთა აჯანყების ამბავი ჩინეთში, სპატაკისა – რომის იმპერიაში, სტენკა რაზინის და ემელიანე პუგაჩოვისა – რუსეთში, ალექსანდრე მაკედონელის, ჰანიბალის, რიჩარდ ლომგულის, სუვოროვის და ნაპოლეონის ლაშქრობები, კულიკოვოს, ბოროდინოს, ტრაფალგარის, ვატერლოოსა და სტალინგრადია ბრძოლები. ჩამოთვლილ ამბებს შორის ყველაზე შთამბეჭდავი ჰანიბალის მიერ ალპების გადალახვა იყო – ყინულოვანი მთების ციცაბო ფერდობებს ხელფეხდამზრალ ჯარისკაცებთან ერთად სპილოებიც რომ მიუყვებოდნენ. მთხრობელი კარგი გვყავდა, მისი სმენისას წარმოსახვა ფრთებს შლიდა და ოცი წუთის განმავლობაში (ეს დრო სჭირდებოდა გაკვეთილის ახსნას) საკუთარი თვალებით ვხედავდით დიდ მხედართმთავრებსა და რიგით მეომრებს, ისრების სეტყვასა და ზალპის შემდეგ უკან დაგორებულ ზარბაზნებს, გაშლილ ზღვაში ერთმანეთის პირისპირ მდგარ მრისხანე არმადებს და ალყაშემორტყმულ ციხესიმაგრეებს.

მასწავლებელი – სქელი, კეთილი ბებო, საქართველოს ისტორიასაც ალბათ ასევე ხატოვნად მოგვიყვებოდა, სახელმძღვანელო ისეთივე სქელტანიანი და ამბებით დახუნძლული რომ ყოფილიყო, როგორიც ძველი მსოფლიოს, შუა საუკუნეებისა და საბჭოთა კავშირის, იგივე რუსეთის ისტორიის წიგნები. თუმცა, მოთხრობებს იაკობ გოგებაშვილის “საგანძურიდან”, რომლებშიც აღწერილი იყო იოთამ ზედგინიძის, ცხრა ძმა ხერხეულიძის, სამასი თავდადებული გლეხისა და ერეკლე მეორეზე გამწყრალი ინგილო ქალის გმირობები – კლსგარეშე საკითხავად გვაძლევდა და გვაქებდა, როცა წაკითხულის შინაარსს გამართულად ვუყვებოდით.

ფილმებს შორის ფრანგულებს ვანიჭებდით უპირატესობას, ისეთებს, მთავარ როლებში მაგარი ძია – ჟან გაბენი, მაგარი ბიჭები – ბელმონდო და ალენ დელონი, მაგარი ქალები – რომი შნაიდერი, კატრინ დენევი და ანუკ ემე რომ თამაშობდნენ, მოვლენები პარიზის ბულვარებსა და მოედნებზე, ძველი სასახლეების დარბაზებსა და მზით განათებულ მანსარდებში, ხალხმრავალ კაფეებსა და ციცქნა ბისტროებში რომ ვითარდებოდა. ეკრანზე მონმარტრისკენ ამავალი კიბეები, ლუქსემბურგის ბაღი, ტროკადერო და სენის სანაპიროები რომ მოჩანდა და ყოველივე ეს ძალიან მშობლიურად რომ გვეჩვენებოდა. შორეული სამყაროს მიმართ სიახლოვის ასეთი განცდა ფრანგულის მასწავლებლების დამსახურება გახლდათ: თითქმის ყველა ასაკის მომხიბლავი ქალბატონების ჯგუფის, რომლებიც მეორედან მეათე კლასის ჩათვლით ფრანგული ენის გრამატიკას, ლიტერატურას და თარგმნის ანბანს გვასწავლიდნენ. passe compose-სა და future simple-თან ერთად პროსპერ მერიმესა და გი დე მოპასანის მოთხრობებს, ვიქტორ ჰიუგოსა და გიიომ აპოლინერის ლექსებს გვიბეჭდავდნენ მეხსიერებაში. საკლასო ოთახებში უცხო ფრინველებივით შემოფრთხიალდებოდნენ ხოლმე და ლაპარაკის დაწყებისთანავე უკვალოდ ფანტავდნენ ერთფეროვნებას , უღიმღამობას და მოწყენილობას.

გაფართოებული თვალებით შევცქეროდით მერხებს შორის მოსიარულე მადამ ჟორჟეტას, ამ მადმუაზელ ლეილას და სიტყვების ნაცვლად ჩაგვესმოდა მტრედების ღუღუნი და აკორდეონის კლავიშებზე აკრეფილი მხიარული მელოდია…”