პუბლიცისტ ნიკო ნოკოლაძის მთავარი საფიქრალი და სატკივარი მისი სამშობლო – საქართველო იყო.
“არტ ინფო” გიზიარებთ მის ერთ-ერთ დიდებულ წერილს:
“მას აქეთ რაც ჩემს თავს ვიცნობ, ერთი წადილის მეტი არა მქონია რა, ერთი ღმერთის გარდა, სხვისთვის თაყვანი არ მიცია, მე შენ მიყვარდი, შენ მწამდი, შენ გემსახურებოდი, ავად თუ კარგად, როგორც შემეძლო, როგორც ჭკუა მიჭრიდა, მე შენ მიყვარდი, რომლის ბედი და უბედობა ჩემი საკუთარი ავი და კარგი მეგონა.
მე დამივლია მთელი ევროპა და ბევრ ჩინებულ ქვეყანაში, ბევრ წარმტაც საზოგადოებაში გამიტარებია თვეები და წლები მაგრამ, ყველგან და ყოველთვის სადაც კი ვყოფილვარ, ერთი საგანი მქონია შენთვის დამზადება, შენთვის სამსახური, შენი სარგებლობა. არც საფრანგეთის ამაღლებულ საზოგადოებას, არც იტალიის მშვენიერებას, არც შვეიცარიის თავისუფლებას, არც ერთი წამის განმავლობაში არ მოუხიბლავს ჩემი გრძნობა და გული, არ შევუცდენივარ და არ მივუზიდივარ. იმის მაგიერ, რომ იქაურ ცხოვრებას მივებირე და სხვებსავით დამევიწყა ჩემი ერთი ციცქნა ქვეყანა, ჩემი ყველასაგან უცნობი ხალხი, მე ნიადაგ შენზე ვფიქრობდი, რომ შენთვის ცოტაოდენი სარგებლობა მაინც მომეტანა – სხვაგან და ჩვენში, მწერალი და გაჩუმებული, ნიადაგ შენი ერთგული და შენი მსახური ვიყავი.”
