ბესიკ ხარანაულის უძვირფასესი სიტყვები 

პოეტ ბესიკ ხარანაულის ყველაზე გულწრფელი და უძვირფასესი სიტყვები უფალს ჩვენსას  – იესო ქრისტეს ეძღვნება:

“ძმაო, მომწყურდი, ქრისტეო

დაღლილი ვიყავ, გვემული,
თავი ბალიშზე მივდეო,
არ დამეხუჭა თვალები,
ძმაო, მომწყურდი, ქრისტეო…
მე შენი მიხედულობით
ავი არ ავირიდეო,
რამდენიც დამკრეს, ვუთხარი,
ძმანო დამკარით კიდეო –
სუყველა ცოდვის გზაზე ვართ,
რომელ ერთს გამოგვზრდიდეო,
ორ მართალსაც ვერ დაითვლი,
დღე და ღამე რომ თვლიდეო,
არ ჩამოხვიდე მიწაზე,
ზეცის თავანზე ვლიდეო,
უფრო მძიმე ჯვარს გიჭედვენ,
შენ რომ ერთხელა ზიდეო,
ნუ დამინახავ ქრისტეო,
მნახო, თვალები მრიდეო,
არ ვიყავ დაბადებული,
ზეცის მარცვალში ვიდეო,
აეხლაც ცრემლით მრცხვენია,
გული რომ დამიმშვიდეო…
დაღლილი ვიყავ, გვემული,
თავი ბალიშზე მივდეო,
არ დამეხუჭა თვალები,
ძმაო, მომწყურდი, ქრისტეო.”