სიმღერის “ჩემო ციცინათელა” საოცარი ისტორია

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ცნობილი ქართელი სიმღერა “ჩემო ციცინათელა” ხალხური  სულაც არ არის . იგი აღებულია იტალიელი კომპოზიტორის ჯუზეპე ვერდის ოპერიდან “ტრავიატა” და დამუშავებულია დათიკო ფაღავას მიერ, ლექსის ავტორი კი აკაკი წერეთელია.

სიმღერის ისტორიას მსახიობი კოტე მახარაძე მოუთხრობდა მაყურებელს თავის მონოსპექტაკლში სახელწოდებით “აკაკი”:

“პეტერბურგში მუშაობდა ექიმი დათიკო ფაღავა. ექიმი კი იყო პროფესიით, მაგრამ მთელმა პეტერბურგმა იცოდა, რომ თუ დათიკო ფაღავა სადმე დაპატიჟებული იყო გიტარით, ეს ნიშნავდა, რომ ყველა ზღაპრულ დროს გაატარებდა. ყველაფერს უკრავდა, ნეაპოლიტანუირი სიმღერებიდან დაწყებული, ფრანგი შანსონიების სიმღერებით დამთავრებული, მაგრამ თუკი მეგრელები იყვნენ სუფრასთან, უკრავდა თავის მოგონილ მეგრულ სიმღერებს , ან რომელიმე ოპერიდან აიღებდა არიას და მეგრულ ტექსტს ჩასვამდა.

ალექსი წერეთელმა, აკაკი წერეთლის ვაჟმა ჩამოიყვანა საუკუნის დასაწყისში საქართველოში იტალიური დასი და სულ იტალიური სიმღერებით გაივსო თბილისის ქუჩები. მაგრამ ყველაზე დიდი წარმატება ჰქონდა ჯუზეპე ვერდის ოპერას “ტრავიატა”. დავით გამრეკელის შესრულებით ალფრედის მამის  არია იყო სასწაული, ყოველთვის ბისზე განმეორებას ითხოვდნენ და ინგრეოდა დარბაზი.

თბილისში აკაკი წერეთელი ერთ-ერთ ოჯახში მიიწვიეს სუფრაზე, მოვა დათიკო ფაღავა და იმღერებსო. დათიკო მეგრელი კაცი იყო და მეგრული კარგად იცოდა. ბევრი მეგრული სიმღერა ახლა რომ მღერიან და ხალხს მეგრული ჰგონია, მეგრელებსაც კი, ისინი სინამდვილეში  დათიკო ფაღავას მიერ იტალიური სიმღერებია გადმოკეთებული მეგრული ტექსტით. ჰოდა, როცა უთხრეს დათიკოს, აკაკი მოვა და მისთვის რამე მოამზადეო, აკაკის ლექსების წიგნი ითხოვა და ნახა მისი ლექსი “ციცინათელა”. რომ მოვიდა აკაკი, სთხოვეს, ბატონო დავით, ჩვენი გენიოსი მგოსანი აქ არის, რამე ვუმღეროთო, მოკიდა დათიკომ გიტარას ხელი და იმღერა სიმღერა “ციცინათელა”. სიმღერა ხალხურიაო, რომ აცხადებენ, ასე არ არის – ლექსი აკაკისია, სიმღერა კი შერჩეულია დათიკოს მიერ და ჟღერს ვერდის “ტრავიატა”, რა თქმა უნდა, რიტმი და ტემპი შეცვლილია.”