არაბეთის საემიროები, ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია – ეს ის ქვეყნებია, საიდანაც მხატვარმა დავით მურაჩაშვილმა ერთდროულად რამდენიმე საინტერესო შემოთავაზება მიიღო. საუბარია გრძელვადიან პროექტზე, რომლის მიზანია მხატვრთან რამდენიმეწლიანი ხელშეკრულების დადებით მისი ამ სამი ქვეყნიდან რომელიმეში სამუშაოდ ჩასვლა:
“სამივე ქვეყანა დაახლობით ერთსა და იმავე პროექტსა და პირობას მთავაზობს – იქ უნდა ჩავიდე და რამდენიმეწლიანი სამუშაო კონტრაქტი გავაფორმო. შემიქმნიან ხატვისთვის იდეალურ გარემოს. ნახატები კი საერთაშორისო ბაზარზე გაიყიდება. ჩემი პროფესიული განვითარება, პოპულარიზაცია და რეკლამა ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტია,” – აღნიშნავს დავით მურაჩაშვილი.
ისიც ცნობილია, რომ მხატვარი საქართველოში მალე პერსონალურ გამოფენას გეგმავს და ამისთვის დღედაღამ ემზადება:
“ჩემი გეგმები ამ მასშტაბურმა შემოთავაზებებმა შეცვალა, თუმცა საქართველოში დაწყებული პროექტები აუცილებლად უნდა დავასრულო და, პარალელურად, ახალზე ვიფიქრო. უცხოელთა შემოთავაზებაზე უარს არ ვიტყვი. ჩემს პასუხს უახლოეს დღეებში ელოდებიან.”
როგორც ცნობილია, დავით მურაჩაშვილის ხმა და ტყუპისცალ ძმასთან ერთად ნამღერი ქართული ხალხური სიმღერა “ბერიკაცი” მე-20 საუკუნის ოქროს ფონდშია შესული. მას შემდეგ დავითმა მუსიკალური კარიერა დროებით შეაჩერა. ახლა კი სპეციალურად მისთვის დაწერილი სიმღერებითა და განახლებული რეპერტუარით ბრუნდება შოუბიზნესში. სიმღერებზე კლიპების გადაღებაც დაწყებულია. მარტში დაგეგმილია ერთ-ერთი კლიპის პრეზენტაცია, რომელიც ცნობილ სიმღერა “საპოვნელაზე” მისი მონაწილეობით გადაიღეს. ეს კლიპი სპეციალურად “ქართულ – ამერიკული კულტურული მემკვიდრეობის დღეებისთვის” მომზადდა, რომლის ფარგლებშიც ნიუ- იორკში ქართული ქუჩა გაიხსნება.
შეგახსენებთ, რომ დავით მურაჩაშვილი ყველასთვის საყვარელი მხატვარია, რომელიც თავის გულშემატკივრებს ნახატებზე ხშირად სთავაზობს ფასდაკლებას. აქვე წარმოგიდგენთ უახლეს ნამუშევრებს მისი შემოქმედებიდან, რომელიც რამდენიმედღიანი ფასდაკლებით იყიდება.




