ფილოლოგი გია მურღულია მეგობრობაზე ძალიან საინტერესო ჩანაწერს გვთავაზობს:
“ზოგ მეგობარს
იმიტომ კი არ გემორჩილები და ყოველთვის თუ ყველგან მოგყვები, რომ შენი მეშინია ან აღმატებულად მიმაჩნიხარ – უბრალოდ, ჩვენი მეგობრობა მიყვარს.
იყავი ამის ღირსი, რადგან ამქვეყნად არაფერია მეორე ადამიანის გულწრფელი სიყვარულის უარყოფაზე უარესი.
ეს თავისუფალი არჩევანია და არა ვინმესგან დაკისრებული ან იძულებული ვალდებულება – ამ არჩევანის მიღმა არავინ მჭირდება.
მეგობრობა ყოველდღიური პასუხისმგებლობაა საკუთარი თავის და არა მაინცდამაინც სხვის წინაშე.
ამის გარეშე არც არაფერი მინდა და არც არაფერს დაველოდები – ეს უპრინციპო “სარგებლის ველი” არ არის.
დიოგენეს მიაწერენ ამ ნათქვამს: “მეგობრობა – ეს ერთი სულია ორ სხეულში”.
“გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიც” მსგავსად წერია: “ქართლიდან ტაოსკენ მიდიოდა ოთხი ადამიანი, “ვითარცა ერთი სული ოთხსა გუამსა შინა დამტკიცებული”. ამიტომაც გვაქვს ქართველებს სიტყვა “ერთსულოვნება”.
ჰოდა, სულს რა ამქვეყნიური სარგებელი უნდა სჭირდებოდეს? – ის მარადიულია.
მისი ნამდვილი სასიცოცხლო სივრცე მხოლოდ სიყვარულია – დაეჭვება, ერთი სუსტი წუთის შემდეგ, უკვე შეურაცხყოფს.”
