იესო ქრისტეს შობის მთავარი საიდუმლო

იესო ქრისტეს შობის დღესასწაულს მორწმუნეები განსაკუთრებული სიხარულით აღნიშნავენ.

ფილოლოგ გია მურღულიას მიაჩნია, რომ იესო ერთხელ არ დაბადებულა და სწორედ ეს არის მისი შობის მთავარი საიდუმლო:

“იესო ერთხელ არ დაბადებულა. არც მხოლოდ 25 დეკემბერს იშვება ხოლმე. ნამდვილი ქრისტიანის სულში ის ყოველდღე იბადება.

ქრისტიანობა სულისა და გონების მუდმივი მუშაობაა და არა დაუსრულებლად შვებასა და სიამოვნებაზე ზრუნვა – მეორე ოდენ პირველის აღსრულების შემდეგ იძენს აზრს.

ქრისტიანის ბედნიერებაში სიკეთისთვის ძალისხმევა ყველაზე დიდ სიამოვნებასა და სიხარულს უტოლდება.
თუ დილას თვალის გახელისას ადამიანის გულში მაცხოვარიც იბადება, იმ დღეს მას არაფერი ეკრძალება – ის, რაც განგებითაც და პიროვნული ნებითაც სუფთაა, ვერაფრით შეირყვნება.

“ქრისტე იშვა ბეთლემსაო…” – ეს სიტყვები და სიმღერა არასდროს დასრულდება – ის, ვინც ყოველდღე იბადება, უკვდავია.”