ულამაზესი მიძღვნა გიორგი შავგულიძეს

თეატრისა და კინოს უბადლო მსახიობის გიორგი შავგულიძის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ათასობით ადამიანს დაწყვიტა გული და ცხარე ცრემლითაც ატირა.

თავისი სატკივარი პოეტმა მიხეილ ქვლივიძემ ლექსის სტროფებში გააცოცხლა:

კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს
მსახიობ გიორგი შავგულიძის ხსოვნას

რამდენი ჩვენგან წასული კაცის
ვერ გადავიხდით ვერასდროს ამაგს,
მაგრამ ის ერთი სხვა იყო მაინც –
კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს.

ჩვენ მას შორიდან ვიცნობდით მხოლოდ,
ვნატრობდით მასთან ქუჩაში გავლას,
მან კი გულები დაგვწყვიტა ბოლოს –
კაცმა, რომელიც დააკლდა ქალაქს.

მისი დაკარგვის მწარეა განცდა
(ვერ ამოვავსებთ ცარიელ ალაგს),
რადგან ვერც ერთი ვერ მივალთ მასთან –
კაცთან, რომელიც დააკლდა ქალაქს.

და ეხლა, როცა სუფრაზე, სადმე,
თვალს მოვკრავთ ღიმილს –
ნაცნობს და ალალს,
წარმოგვიდგება ძვირფასი სახე
კაცის, რომელიც დააკლდა ქალაქს…

და თითქოს ვითვლით – ისევ და ისევ
გულში დაგროვილ სიკეთის მარაგს
და ღმერთს ვთხოვთ:
ღმერთო, გვაცხოვრე ისე,
რომ ჩვენც ოდესმე დავაკლდეთ ქალაქს!