პირველი აპრილიდან ახალგაზრდა მხატვარი ნიკოლოზ კოჭლამაზიშვილი ხელოვნების სასახლეში ექსპოზიციას ჩრდილების საშუალებით გამართავს. ეს იქნება უნიკალური ექსპონატები და კედელზე ასახული მათი ორეულები.
ნიკოლოზ კოჭლამაზიშვილი ხელოვნების ნიმუშებს სულ სხვა განწყობითა და მასშტაბით წარმოადგენს. მსგავსი სახის გამოფენა საქართველოში პირველად იმართება და მზის შუქზე გამქრალ სახეებს, აჩრდილად გარდაქმნილ ჩრდილებს ეძღვნება.
ახალგაზრდა ქართველმა ხელოვანმა შემოქმედებითი მოღვაწეობის პირველი ეტაპი ფერწერას დაუთმო და ამ მიმართულებით სამი პერსონალური გამოფენაც გამართა. „ჩრდილების თეატრი“ კი ხელოვანის მიერ, ბოლო დროს შექმნილი არასტანდარტული და „იდუმალებით მოცული“ სპილენძის, გრანიტისა და უჟანგავი ფოლადისაგან შექმნილი 13 ქანდაკების ერთობლიობაა.
თითქმის საუკუნის წინ მიხეილ ბულგაკოვმა, გენიალურ რომანში „ოსტატი და მარგარიტა“ იკითხა: “რას დაემსგავსებოდა დედამიწა, ჩრდილი რომ გამქრალიყო? ჩრდილი ხომ საგნებისა და ადამიანებისგან წარმოიშვება?“…. ჩრდილი, რომელიც ყოველთვის დაგყვება, ჩრდილი, რომელიც არასოდეს ქრება…
ასე რომ, მოდი გამოფენაზე და ნუ დატკბები მხოლოდ „შიშველი ნათელით“.
ხელოვნების სასახლის საგამოფენო დარბაზებში ნიკოლოზ კოჭლამაზიშვილის ნამუშევრები დამთვალიერებელს 29 აპრილამდე დაელოდებიან.
