ხატია ბუნიათიშვილის კონცერტმა პარიზის ფილარმონიაში დიდი წარმატებით ჩაიარა.
კონცერტს მისი ქართველი კოლეგა ნიკა ნიკვაშვილი ესწრებოდა:
“კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო აჩუქა მსმენელს გუშინ პარიზის ფილარმონიაში ხატიამ. განცვიფრებული და ბედნიერი ვუყურებდი ფეხზე დამდგარ პუბლიკას, რომელიც არ უშვებდა სცენიდან საყვარელ არტისტს, სცენაზეც კი დაამატეს სკამები, ვინაიდან, დასწრების მსურველები ბევრად აღემატებოდა დარბაზის შესაძლებლობებს და შემდეგ ამას მოჰყვა ორ საათიანი რიგი ავტოგრაფის ასაღებად, ხალხი მორჩილად ელოდა თავის ჯერს, მიუხედავად იმისა რომ უკვე ღამის 12 საათი შესრულდა და ხალხის რაოდენობა ჯერ კიდევ უცვლელად დიდი იყო!
ურთულესი პროგრამით წარსდგა ხატია მსმენელის წინაშე (Schubert/Liszt). სრულიად ახლებური ხედვით წარმოადგინა შუბერტის სონატა (D 960), რომელიც ვფიქრობ, რომ ასე ჯერ არავის შეუსრულებია. მან სრულიად ახალი და შთამბეჭდავი ვერსია შემოგვთავაზა, რომლის მეორე ნაწილი უბრალოდ სუნთქვას შეგიკრავდა, ღრმა პოეტური წვდომა კომპოზიტორის ჩანაფიქრის და პიანოს ფლობის უდიდესი ხელოვნება, უბადლო ტექნიკა და დრამატურგიული აზროვნება, ამბავი მოგვიყვა და როიალი კი მთხრობელად აქცია…
მთელი დარბაზი და მეც მათ შორის საოცარი ზემოქმედების ქვეშ მოგვაქცია, დამუნჯებული შევცქეროდით მის მოვლენას, ნიჭიერების ზეიმს, ენერგიას, რომელსაც არ იტოვებდა და მთლიანად გასცემდა მსმენელის მიმართულებით.
დიდი სიამაყეა ეს გოგო, მან ისეთი გააკეთა ჩვენი ქვეყნისათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც აქამდე ვერავინ ვერ შეძლო ვერც ხელოვნების და ვერც სხვა რომელიმე დარგში.”
