მიხეილ ზაქარიაშვილი სიმღერაზე უარს აცხადებს

მიხეილ ზაქარიაშვილი სიმღერაზე უარს აცხადებს მომღერალი მიხეილ ზაქარიაშვილი სიმღერაზე უარს აცხადებს. ამის მიზეზი ის გარემოა, რომელშიც ხელოვანს ცხოვრება უწევს:

“როგორ მოახერხეს, რომ სიმღერის სურვილი გაექროთ ჩემთვის ვერ ვხვდები? ვერც ვერასდროს წარმოვიდგენდი! არანაირი სურვილი არ მაქვს არც სიმღერის და არც სიმღერების შევქმნის ამ ქვეყანაში უკვე დიდი ხანია. ის რაც იცით რომ ჩემი შექმნილია, დიდი ხნის წინ არის…

,,ქვეყანა გაცვდა ვით ძველი გროში”-ო ამბობდა გალაკტიონი და ამიტომაც ის რაც მიყვარდა, რასაც ვუმღეროდი ყველაფერი გაუფასურდა ჩემს თვალში. მაპატიეთ, მაგრამ დღეს ასეთი განწყობა მაქვს! ყოველთვის მინდოდა მებრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და ვიბრძოდი როგორც შემეძლო, მინდოდა ის გზა, რაც მე და ჩვენმა თაობამ გამოვიარეთ ჩვენს შვილებს არ გაევლოთ, ბრძოლა ქვეყნის აშენების გამთლიანების, საუკეთესო მომავლისთვის ჩვენ დაგვემთავრებინა და აგვეცილებინა ბავშვებისთვის!

მე მხოლოდ მინდოდა, რომ ჩვენს მომავალ თაობას მაინც ეცხოვრა ადამიანურად და არ ებრძოლა არსებობისთვის, ეამაყათ წინაპრებით, მაგრამ, სამწუხაროდ, მოჯადოებული წრესავით ერთ წრეზე ვტრიალებთ! ვინ გაგვწირა ასე? ვის რა დავუშავეთ? ეს გათითოკაცება რით ვერ დამთავრდა ეს ერთმანეთის ჭამა, ლანძღვა, გინება?

რა თემაზე უნდა ვიმღერო? როცა ყველგან ღალატია, გაუტანლობა, ბავშვების შიმშილი, მოხუცების გარეთ ქუჩაში ყინვაში ძილი, ნაგავში საკვების ძებნა, ეს მათ არ დაუმსახურებიათ და გიკვირთ რატომ არ მემღერება? რა გგონიათ, სიმღერას ვერ შევქმნი? ვერ გავუშვებ რომელიმე არხზე, ან რადიოს ეთერებში მაინც? თუნდაც აქ ფეისბუკში, ამას ხომ მაინც ვერავინ ამიკრძალავს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ – არ მემღერება… და ზუსტად ვიცი ზოგიერთები იტყვიან ან გულში მაინც გაიფიქრებენ ,,აი, დარდი კიდე თუ არ გემღერებაო”.

ხო მერე რა?! ვინ არის მიშა ზაქარიაშვილი? არც არავინ, ერთი უბრალო ხელოვანი! ჩვენ ხომ ისეთები არ დავაფასეთ საფლავიც კი არ ვაღირსეთ, თუნდაც ნიკალა გვეყოფა სანანებლად, მე ვინ ვარ მათთან შედარებით? ყველა ხომ გენიოსია ამ ქვეყანაში, ყველას ყველაფერი სხვაზე უკეთ შეუძლია აკეთოს, ომში შეწირულ გმირებსაც კი არ სცემენ პატივს ,,ნეტა რას მიდიოდა ომში, ან ვის ებრძოდაო? მტერზე იტყვიან მოყვარეაო ქართველები, ოღონდაც ფული გადაუხადონ. მოყვარეს კი მოღალატეს დაარქმევენ! ღმერთს ებარებოდეთ ჩემო მაინც ძვირფასო ადამიანებო, მაგრამ ესეც იცოდეთ, არ ჩაგიბარებთ ასეთი მორალით! არა….

გამოფხიზლდით, გამოდით საღათას ძილიდან!”