მსოფლიოში ცნობილი პუერტორიკოელი მომღერალი რიკი მარტინი 24 დეკემბერს 43 წლის გახდა. მისი კარიერა უკვე 30 წელია პოპულარობის ზენიტშია და წარმატება წარმატებაზე მოაქვს. მას მადამ ტიუსოს მუზეუმში ცვილის ფიგურაც დაუდგეს. ენრიკე მარტინ მორალესი, რომელიც ცნობილია სასცენო სახელით რიკი მარტინი მსახიობიცაა.
მისი სასიმღერო კარიერა დაიწყო 12 წლის ასაკში ჯგუფში “menudo”, 90-იანი წლებიდან კი რიკიმ სოლო კარიერის გაკეთება გადაწყვიტა. მისი ალბომი “Ricky Martin” აშშ-ში გაყიდვების ლიდერი გახდა, ხოლო მთლიანად მსოფლიოში ამ ალბომის 27 მილიონი ასლი გაიყიდა. რიკის ავტობიოგრაფიულმა წიგნმა კი ნამდვილი ფურორი მოახდინა და “The New York Times”-ის ბესტსელერების ჩამონათვალშიც მოხვდა.
უწყვეტმა საკონცერტო ტურნეებმა მომღერალს გადაწყვეტილება მიაღებინა, შემოქმედებით კარიერაში პაუზა აეღო. სამი წელი მან პირად ცხოვრებას მოახმარა. თავდაპირველად მომღერალი აცხადებდა, რომ მექსიკელი ტელეწამყვანი რებეკა დე ალბა უყვარდა, წყვილს დაოჯახებაც ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა წყვილი ერთმანეთს დაშორდა. 2008 წელს მარიტინი ორი ბიჭუნას მათეოს და ვალენტინოს მამა გახდა, რომლებიც სუროგატმა დედამ გაუჩინა.
“Livin’ la Vida Loca”-ს წარმატების შემდეგ, მომღერლის პირადი ცხოვრება ჟურნალისტების ინტერსის ქვეშ მოექცა, მას განუწყვეტლივ უსვამდნენ კითხვებს ორიენტაციასთან დაკავშირებით. მარტინი დიდხანს არიდებდა თავს ამ კითხვაზე პასუხის გაცემას, თუმცა ბოლოს საჯაროდ განაცხადა თავის ოფიციალურ გვერდზე, რომ ის ჰომოსექსუალია.
