კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი პეკინშია. 2014 წლის პირველი ნოემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით პეკინი მეექსვე თეატრალური ოლიმპიადის მასპინძელია. ოლიმპიადა 4 წელიწადში ერთხელ იმართება და მასში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საუკეთესო თეატრალური დასი.
მარჯანიშვილის თეატრი უკვე მეორედ სტუმრობს მსოფლიოს მთავარ კულტურულ მოვლენას. 2010 წელს კორეაში გამართულ ოლიმპიადაზე წარადგინა სპექტაკლი „ფაუსტი“, რომლის რეჟისორიც ლევან წულაძეა.
2014 წლის პეკინის მეექვსე თეატრალურ ოლიმპიადაზე 22 ქვეყნის 47 სპექტაკლი მონაწილებს, მათ შორის არის მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი უილიამ შექსპირის „როგორც გენებოთ“, რეჟისორი ლევან წულაძე და თითების თეატრის და მარჯანიშვილის თეატრის ერთობლივი პროექტი „ჩემი ჰამლეტი“, რეჟისორი ბესო კუპრეიშვილი. „როგორც გენებოთ“ 17 და 18 დეკემბერს იქნება წარმოდგენილი, „ჩემი ჰამლეტი“ კი 20 და 21 დეკემბერს.
პეკინში გამართულ მეექვსე თეატრალურ ოლიმპიადაში საქართველოდან კიდევ ერთი თეატრი მონაწილეობს. მუსიკისა და დრამის თეატრი პეკინში სპექტაკლით “მაკბეთ” ჩავიდა, რომლის რეჟისორიც დავით დოიაშვილია.
