ქართული მოდის ისტორიის შესახებ სვანეთმა უნიკალური ფაქტები შემოინახა.
გიორგი კალანდია, ისტორიკოსი:
“არაერთხელ მითქვამს, რომ სვანეთმა ქართული მოდის ისტორიის შესახებ უნიკალური ფაქტები შემოინახა. ამის დასტური ქალაქ პეტერბურგში, რუსეთის გეოგრაფიულ საზოგადოებაში დაცული ნაკლებად ცნობილი ძვირფასი მასალაა, განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ნ. ბრეზეს მიერ XIX საუკუნეში სანკტ-პეტერბურგში შექმნილი ლითოგრაფია სახელწოდებით:- „სვანების გარეგნობა“, ეს უნიკალური არტეფაქტი ძალიან კარგადაა შემორჩენილი და საზოგადოების ყველაზე საუკეთესო საცავშია შენახული. მისი ადგილზე ნახვისა და შესწავლის დროს ჩემი ყურადღება ერთმა განსაკუთრებულმა გარემოებამ მიიქცია – ლითოგრაფიაზე მე-7 ფიგურად გამოსახულია ვინმე სიმონი ლაშხეთიდან, რომელსაც არაჩვეულებრივად მაღალი, თითქოს სვანური ეთნოგრაფიისათვის უჩვეულო ქუდი ახურავს. ამ ადამიანის თავსაბურავმა არ შეიძლება არ გაგახსენოს ბიზანტიის იმპერატორი იოანე VII პალეოლოგოსის (1425-1448) სინას მთის ხელნაწერში შემონახული მინიატურა. ბიზანტიის ბრწყინვალე იმპერატორსა და ლაშხეთელ სვიმონს შეიძლება ითქვას იდენტური ქუდები ახურავთ. ვიზუალური მსგავსება ისტორიული წყაროებითაც შეგვიძლია გავამყაროთ: ისტორიკოსი ევსტათი თესალონიკელი ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში, ახსენებს „იბერიულ ყაიდაზე შეკერილ კვამლისფერ ქუდს“, რომელიც დამზადებული იყო სახიანი ნაკეცებითა და ქობით. მისი თქმით, ეს ქუდი ეხურა ბიზანტიელ წარჩინებულ დავით კომნენოსს. აღნიშნული ავტორისვე ცნობით ირკვევა, რომ ქუდს სიმბოლური დანიშნულება ჰქონია. კერძოდ, ქუდის კვამლისფერი აღიქმებოდა როგორც კომნენოსის განზრახვა — კვამლში გაეხვია ყველა მოწინააღმდეგე, ვინც მის ძალაუფლებას არ დამორჩილდებოდა.
ახლა კი მთავარი: სანკტ-პეტერბურგში, რუსეთის გეოგრაფიულ საზოგადოებაში დაცული ლაშხეთელი სიმონის უნიკალური გამოსახულება ცხადყოფს, რომ ბიზანტიელი წარჩინებულების და მათ შორის იმპერატორების სამოსის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი – ქუდი, სავარაუდოდ, ქართული წარმოშობისა იყო, ამიტომაც ეწოდებოდა მას „იბერიულ ყაიდაზე შეკერილი“, ქართული მოდის ეს უნიკალური და ამასთანავე ეგზოტიკური აქსესუარი კი, როგორც ჩანს, სვანეთში XX საუკუნის დასაწყისამდე შემორჩენილი იყო.”


