ხელოვნების სასახლეში არაერთი უძვირფასესი ექსპონატია დაცული. სასახლის ხელმძღვანელი გიორგი კალანდია არქეოლოგიური კოლექციის მარგალიტზე – ტერაკოტის სასმისზე გვიამბობს:
“გვინდა გაგაცნოთ ხელოვნების სასახლის არქეოლოგიური კოლექციის კიდევ ერთი მარგალიტი – ტერაკოტის ეს ძველ ბერძნული დახვეწილი სასმისი ( სკიფოსი), შექმნილი უნდა იყოს სამხრეთ იტალიაში — შესაძლოა კამპანიაში ან სულაც აპულიაში — ის თითქოს დროის სიღრმიდან გვესაუბრება. მის ფართო, მრგვალ სადგამიან თასს ორივე მხარეს ორი განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან დიალოგში მყოფი ფიგურა ამშვენებს: ერთ მხარეს — ახალგაზრდა სატირია, შიშველი, სიცოცხლით სავსე, ხელში დაფდაფითა და დიონისეს წმინდა კვერთხით; მეორე მხარეს — მანტიაში გახვეული ყმაწვილი გახლავთ, მშვიდი და დაფიქრებული სახით. ღვინის ეს სასმისი გართობით გაჯერებული საღამოების, ლამაზი მუსიკისა და სიცოცხლის ზეიმის ხსოვნას თითქოს დღემდე ინახავს. ნივთი ძვ.წ. IV საუკუნეშია დამზადებული, მსგავსი წითელფიგურული სკიფოსები ექსპონირებულია მსოფლიოს ისეთი დიდი მუზეუმების ვიტრინებში, როგორებიცაა ლუვრი, ერმიტაჟი, მეტროპოლიტენი, ხელოვნების სასახლეც მათ შორისაა.”


