მომღერლისა და კომპოზიტორის მამუკა ჩარკვიანის ცხოვრებიდან ერთერთი ულამაზესი დღე მისმა დამ თაკო ჩარკვიანმა გაიხსენა:
“გუშინ ღამე ძლიერი ქარი იყო… დედა ცუდად არის, დილის 5 საათი სრულდება, არსაიდან ხმა სიჩუმე…. ერთი წუთით მანქანების ხმაც შეწყდა, არ ისმოდა და მხოლოდ ქარის ხმა ანგრევდა დარაბებს, აი, ისეთი, პერიოდულად, კუთხეში მიმწყვდეული დამფრთხალი, ბითური თაგვივით ადამიანის სისუსტეს რომ გახსენებს, “ბუნება მბრძანებელია, იგივ მონაა თავისაო.”
ასეთი ქარი იყო მახსოვს ღრმა ბავშვობაში, მაშინ ყველა სახლში ვიყავით, სითბო იყო სახლში, გაღუღუნებული, ოღონდ არაფრის მეშინოდა მაშინ და არც ის ვიცოდი ,რომ “ბუნება მბრძანებელი” იყო, მეგონა რომ ყველაფრის მფარველი დედა იყო, ყველაზე ძლიერი მამა და ეს ყველა ერთად სახლში ვიყავით, მე, დედა, მამა და მამუკა.
მამუკამ დამიძახა- თაფუც, მოდი რა მოგასმენინო?! და მე თავ-პირის მტვრევით “შევქანდი” მის ოთახში, იშვიათად მიშვებდნენ იმ ოთახში ( მაშინ უფრო იგრძნობოდა ჩემსა და მამუკას შორის ასაკის სხვაობა) “პატარა ლაწირაკად” მთვლიდა, თავად უკვე ბიჭობდა და ეს იშვიათი მიპატიჟება ჩემი ძმის მიერ თავის ოთახში საოცრად გამიხარდა. ფრთხილად, უჩვეულო სიფრთხილით დავჯექი კუთხეში დაგდებულ დაბალ ფუმფულა “პუფზე” და მოვემზადე: ნახე სიმღერა დავწერე ჯანუკის ლექსზე, პირველი აკორდი აიღო გიტარაზე და მისი ჩვეული ხელის ჩამოსმით ჩამოატარა სიმებს ვიბრაციით: “ჩამოთოვა ისევ იისფერი მთები, შენს ხმას ვეღარ ვისმენ და ვეღარსად გხვდები… თეთრი ფიფქის დარი ფიქრი მემატება, შენთან საუბარი როგორ მენატრება, წაუღიათ ნისლებს იისფერი მთები” … და ა.შ. დაასრულა სიმღერა – მამუ, სასწაულია, გავგიჟდი, – ვეუბნები, – ვინც მოგწონს ისიც ლამაზია? – ვეკითხები…
-ჰეეეე, – გამიღიმა, ჩუმად ,ზუსტად დედაჩემივით.
– ესე იგი მოგეწონა???
– მომეწონა კი არა გავგიჟდი .
– ამაღამ შენთან დავიძინებ რა, – დრო ვიხელთე და ისევ “შევეკვეტე”.
– ჰო კაი ,მოიტანე შენი საბანი და ბალიში და “ბიტლებს” მოგასმენინებ.
– აუ, რა მაგარიაა… – და ისევ კისრის მტვრევით გამოვარდი ოთახიდან, დედაჩემს სასწრაფოდ შევატყობინე ეს “დიდი ამბავი”და ჩემი გუდა-ნაბადით მივბარგდი მამუკას ოთახში.
მერე ჯერ იყო “ბიტლები” ( ასე ეძახდა The Beatles) მერე იყო ანსამბლი Pink Floyd “ფინქ ფლოიდი”, მერე არიეტა ფრანკლინი, მერე ჯიმი ჰენდრიქსი, მერე პიტერსონი, მეტყოდა: – მივდივარ უნივერსიტეტში და როიალზე დაგიტოვე, მოუსმინე – და მეც სასტიკად ბედნიერი ვიყავი, რადგან მისი გაქუცული “კასეტებიანი” მაგნიტოფონი ჩემს როიალზე იდო ……. მე რითი უნდა გავპრანჭვოდი, ჰოდა, ჩემი სკოლის კონცერტის წინ დავუძახებდი ხოლმე და მოვასმენინებდი მოცარტის სონატას, ან შუმანს……. -ჰეეე გენიოსია რა, – ისევ ისე გაიღიმებდა.
ჩემი პირველი მოთხრობები მას წავაკითხე, მას შემდეგ მუდამ მეხვეწებოდა “დაბეჭდე, გოგო, რა არის ასეთი უპატივცემულობა ბოლოს და ბოლოს მე გთხოვ რა მოხდა ასეთი?!” მოგვიანებით გაიტანა თავისი და მამუკას დაჟინებული თხოვნით დავბეჭდე და გამოვეცი წიგნი ( უკვე მოგვიანებით ) მანამდე კი იყო, ის ბავშვობის წლები ,მამუკას ოთახი, კუთხეში “პოლისჯოხზე “ იატაკის საწმენდ ჯოხზე დამაგრებული “კრემისფერი” ოთკუთხედი მიკროფონი, საწოლზე პატივით დასვენებული გიტარა და ფეხის “კვაკი”.
მახსოვს ერთ დღეს დამიძახა და მითხრა: გვიან ღამით შემოდი და მე, შენ და პაატა ქობალიამ ( მისი უახლოესი მეგობარი და ჩვენი მეზობელი იყო – უმაგრესი ბიჭი) დავთქვით და “ამერიკის ხმას მოვუსმინოთო,” ( 1975 წელი იყო ალბათ ,ზუსტად აღარ მახსოვს) რაიმე თმის სარჭი (შპილკა) ხომ არ გაქვს, რომ ანტენა დავაყენოო, მითხრა, კი, აბა რა, მაქვს თქო და საქმიანად და კვლავ ბედნიერი, (რომ საიდუმლო მანდეს) გავქანდი და თუ რაიმე მქონდა ყველაფერი მოვზიდე. ღამის სამ საათზე პირველად მოვისმინე რადიო ტალღები, შრიალით მოდიოდა რადიო ტალღების სივრცე შორეული, უცხო, საოცრად მიმზიდველი, თავისუფალი სამყაროს თავისუფალი ხმა, შრიალი ახშობდა, “ამერიკის ხმა , ხაზზეა ლეო ლეჩხუმელი” გაისმა, მე აღფრთოვანებულს ჟრუანტელმა დამიარა, თითქოს ჩვენ გავარღვიეთ ჰაერის სივრცე ….. ისევ შრიალი შემოვარდა გაქუცულ რადიო “სპიდოლაში”, – ახშობენ, – ჩაილაპარაკა მამუკამ. ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა და ჯანსუღი შემოვიდა, – ახშობენ არა?! ამათი დედა ვატირე, ნახე, აი, ამით სცადეთ, დაამაგრეთ – და თმის სამაგრი “რეზინა” მოგვცა, მართლაც დაემორჩილა რადიო ანტენა და წყვეტილად, მაგრამ მაინც მოვუსმინეთ “ამერიკის ხმას”. იმ ღამეს ერთად გავათენეთ მე, ჯანუკიმ, მამუკამ და პაატამ, ეს იყო თავისუფლებისთვის გათენებული ღამე, მერე დედა შემოვიდა, დავიძინოთ ახლაო და დილისკენ დაგვშალა, ლექსის გარეშე ჯანსუღი როგორ იქნებოდა და თავის ოთახში შესვლამდე დაგვიძახა, თავისი ლექსის სტრიქონებით გაგვამხნევასავით: ”თავისუფლება ლომთა ხვედრია” და ხელი აგვიწია…
ეს იყო ჩვენი სახლი, სავსე იმ დიდი თავისუფალი სივრცის მოსურნე, სადაც უეჭველად უნდა გავჭრილიყავით, ”რადგან დაბადებულნი არ ვართ ლაჩრებად”…
ახლა ყურს ვუგდებ ამ ოთახის სიჩუმეს, არც ჯანსუღის ხმა მესმის, არც მამუკას ხმა და კვლავ ის სურვილი მკლავს, მხოლოდ ახლა ამ ყველაფერს მათი ხმის გაგონების სურვილი ემატება…
დამათენდა, ქარი ისევ ანგრევს სახურავებს, მაგრამ ნაკლები ძალა აქვს, თუმცა კვლავ ვიცი, რომ განგება მბრძანებელია და კვლავ კუთხეში მიმწყდეული ბითური თაგვივით ყურს ვუგდებ დედაჩემის გულისცემას.
ოღონდ ეს “სიჩუმე”, იმ ჩემი ბავშვობის სიჩუმეს ოდნავაც კი არ ჰგავს.”
