ლაშა მარგიანი: “ზედაპირზე ვერ გადაწყდება ეს ამბავი”

Lasha margianiპოეტი ლაშა მარგიანი გულწრფელად საუბრობს იმ საკითხზე, რომელიც მოზარდებში გაზრდილ ძალადობას უკავშირდება:

“დღემდე იმ აზრზე ვარ, რომ ადამიანს დაბადებიდან აქვს მიდრეკილება ან ძალადობისკენ, ან პირიქით, ადამიანურობისკენ, სიკეთისკენ, ემპათიისკენ, თანაგრძნობისკენ, გამბედაობისკენ.
სამწუხაროდ და საუბედუროდ, ჩვენი ქვეყანა და ნებისმიერი ქალაქი, განსაკუთრებით თბილისი, ლამის ყველანაირი საძაგლობისა და ბოროტების სათბურადაა ქცეული, განსაკუთრებით მოზარდებისთვის, ბავშვებისთვის, რომელთა მართვა, გაღიზიანება, მანიპულირება, გზას აცდენა, დასახიჩრება და დამახინჯება, ყველაზე მარტივად ხდება აქ. მთელი პირამიდები შეიძლება აეგოს მენტალურ, ფსიქოლოგიურ, სულიერ პრობლემებზე, რომლებიც დღეს მოზარდებშია. სკოლებშიც, ქუჩებში ხომ არის და არის, გარეუბნებში ხომ საერთოდ კატასტროფაა.
არავინაა განმკითხავი, არავინაა ამაზე რეალურად მოფიქრალი, არავინაა, ვინც სისტემურად დაიწყებს ცვლილელებს ამ მხრივ.
იყო დრო, როცა ეს სისასტიკე რაც ახლა ქუჩებში ხდება, ფიზიკურ თვითგადარჩენას ემსახურებოდა საქართველოში და ამით “პრავდებოდა”, წარმოიდგინეთ, რამდენი რამეა დალექილი ლამის ეროვნულ გენეტიკის დასახიჩრებამდე, ახლა კი უბრალოდ ადგილის დამკვიდრებას ემსახურება, ისევ და ისევ ამ საძაგელ სოციუმსა და მენტალობაში, რომლიდანაც ვერა და ვერ გამოვიდა ჩვენი ხალხი.
აქ ერთადერთი სიმართლე ისაა, რომ ძალა აღმართა ხნავს, თვალი-თვალის წილ და კბილი-კბილის წილ.
სუსტი ხარ? ჩათვალე არავინ არ ხარ.
აქ აუცილებლად გჭირდება ძალა, გჭირდება გავლენა, გჭირდება თავზე ხელის აღება, რომ შენი ადგილი კი არ მოიპოვო, არამედ მიიტაცო საზოგადოებაში, დააშინო, მოერიო, დაჩაგრო, გადაუარო და ა.შ. მაგარი ტიპი ხარ მერე.
რეალობა ესაა, რადგან აქ სახელმწიფო ვერ უზურნველყოფს შენ მშვიდობიან ცხოვრებას კონსტიტუციის ფარგლებში.
ეს ბავშვები, ვინც გავრცელებულ ვიდეოში ერთს დასეულები უკიდურესი, გულისრევამდე მისული სისასტიკით უსწორდებიან, თან იღებენ ამ ყველაფერს და ბოლომდე ცდილობენ ადამიანის ღირსების შელახვას და გაუბედურებას, ჩემი აზრით, მხოლოდ გარემოსა და გამრუდებული მენტალობის მსხვერპლი არ არიან, უბრალოდ, ისინი იქცნენ საუკეთესო ნიადაგად მთელი ამ საზიზღრობის, რომლის სიტყვებში ჩატევაც მართლა ძალიან რთულია.
ამის უპირველესი საწყისი განათლების პრობლემაა, რადგან დღეს თუ რამე გამართულად არ მუშაობს, ეს განათლების სისტემაა, პირიქით, რაც შეიძლება მეტი დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანი სჭირდება “ქართულ ოცნებას”, ძალაუფლების გასამტკიცებლად. ეს არის ორჯერ ორი.
სხვას რომ არ გადავწვდე, მარტო ჩემს თაობას ისეთები აქვს გამოვლილი, ამ სკინჰედების კარიკატურებს რომ არ დაესიზმრებათ, მაგრამ მაშინაც, ისევე როგორც ახლა, იყო რაღაც შინაგანი ზღვარი, რომელიც ან გეუბნება რომ ეს არ გააკეთო, ან მიგიშვებს ბოლომდე, ან მეტიც – ცეცხლზე ნავთს დაგისხამს, ეს ყველა დროში ასეა, ვინც არ უნდა გყავდეს მისაბაძად, ვინც არ უნდა გყავდეს ავტორიტეტად, მაინც.
არ შეიძლება ადამიანმა ამ ყველაფრისგან სიამოვნება მიიღოს, ეს უკვე საზოგადოების ბრალი კი არ არის, ეს სხვა რამეა, ეს გაცილებით ღრმა პრობლემაა, ვიდრე უბრალოდ არასწორი აღზრდა და ა.შ.
ეს სულით ავადმყოფობაა, მანიაკალური გადახრაა და აუცილებლად, უეჭველად უნდა მოხდეს მისი მყისიერი აღკვეთა, სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა და მერე მკურნალობა სასჯელთან ერთად, განურჩევლად ყველასი, გამონაკლისის გარეშე.
არავის არ უნდა დაეფაროს ხელი არავისგან.
ისეთ უსამართლო ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც დაუსჯელობის სინდრომი პიკზეა ასული, ასეთი დაჯგუფებების ძალადობრივი ქმედებების უყურადღებოდ გატარება, ფიზიკურად დაუშვებელია, რადგან ეს მხოლოდ კიდევ უფრო მეტ ძალადობას კი არ შობს, არამედ თუ რამე ღირებულია შემორჩენილი, იმასაც სპობს და ღრმად იდგამს ფესვებს ჯოჯოხეთისკენ.
ასეთ ვითარებაში რომელ მომავალზე უნდა იფიქროს ერმა, ჯერ აწმყო თუ არ გამოვგლიჯეთ ხელიდან ამ ყოვედღიურ გაუკუღმართებასა და კვდომას.
კი, ყველანი ვართ ჩვენი წილი გულგრილობით ამ ტრაგედიებზე პასუხისმგებელი, მაგრამ ეს იოტისოდენაზე არ ამართლებს უშუალოდ ამ საძაგლობის ჩამდენებს.
სადისტი შვილი არ შეიძლება ჰყავდეს ნებისმიერს, მაგრამ მათი ძალადობის მსხვერპლი ნებისმიერის შვილი შეიძლება აღმოჩნდეს და არა მარტო შვილი.
ზედაპირზე ვერ გადაწყდება ეს ამბავი, ფესვებამდე და ფსკერამდე უნდა ჩაყოლა.
გულწრფელად რომ ვთქვა, ბევრი არაფრის იმედი არ მაქვს ამ ქვეყანაში, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ რომც შეაკვდე, მხოლოდ საკუთარი თავის ძალის იმედად, ვერავინ დაიცავს ვერც ოჯახს და ვერც საკუთარ თავს, თუ სახელმწიფომ არ გააკეთა ის, რისთვისაც ოდესღაც გამოქვაბულებიდან გამოვიდნენ ადამიანები და ერთად დასახლდნენ, ერთად დაიწყეს ცხოვრება.”