მწერალი ლაშა ბუღაძე რუსთაველის ეროვნული თეატრში მისი სამხატვრო ხელმძღვანელისა და რეჟისორის რობერტ სტურუას მიერ დადგმულ სპექტაკლზე “ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და პრეზიდენტი” საუბრობს:
“2007 წელს რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრში ჩემი პიესა, “ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და პრეზიდენტი”, დადგა (პიესა 1999 წელს დავწერე და ორიგინალურ ვერსიაში “პრეზიდენტი და დაცვის ბიჭი ჰქვია), სადაც მსახიობი ზანგური, რომელიც პრეზიდენტის როლს თამაშობდა, ზედმიწევნით მიამსგავსა მაშინდელ პრეზიდენტ სააკაშვილს. სპექტაკლი სავსე იყო სარკაზმით და აგრესიით სააკაშვილის მიმართ – კიტჩურობამდე მისული ვულგარულობითა და სიძულვილითაც კი. სააკაშვილის სცენიური კარიკატურა გამოყვანილი იყო ეროტომანად, რომელიც ერთ სცენაში თავისი ყოფილი ხელქვეითის საფლავს აშარდავდა. სტურუამ სპექტაკლი დადგა ძალაუფლების უზნეობაზე, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, მისთვის მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლება გამოხატავდა. მაგრამ არც მაშინ და არც მერე, “სისხლიანი 9 წლის” ნარჩენ წლებში, არავის აზრად არ მოსვლია ამ სპექტაკლის აკრძალვა – არც სააკაშვილს და არც მის რომელიმე კულტურის მინისტრს. ეს სპექტაკლი კიდევ კარგა ხანს გადიოდა თეატრში, შეიძლება ახლაც გადის, არ ვიცი… რუსთაველის თეატრში წლებია აღარ ვყოფილვარ, და შარშან არც კი შეგვიშვეს, როცა რბევას, თეატრში სპეცრაზმის დაბანაკებას და მსახიობების დაკავებას ვაპროტესტებდით. ახლა კი, ივანიშვილის “დემოკრატიის” ჟამს, ბათუმში სპექტაკლს კრძალავენ “რეჟისორის სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელების” გამო.
ნეტა ასეთი რა სუბიექტური აქტი იყო, რომელმაც ასე შეაშინა ეს ობიექტური მონები?!”
