კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ ქველმოქმედებისთვის პირადი ნივთები აუქციონზე გაიტანა. მასთან ერთად ნივთები გაყიდეს მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ და მსახიობმა ლეილა ყიფიანმა. საქველმოქმედო აუქციონი მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის მიერ დაარსებული “სიცილის თერაპიისთვის” ჩატარდა. “სიცილის თერაპია” სიმსივნით დაავადებული ბავშვების გამხიარულებას და მათთვის ტკივილის დავიწყებას ემსახურება.
ნინო ბოლქვაძე, ფონდის “სიცილის თერაპია” დამფუძნებელი:
“ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხიეს რაღაც პროექტის გამო ვასო აბაშიძის თეატრიდან. მე არ ვიცი იმ პროექტის ჟიურიში ვინ რას წარმოადგენს, მაგრამ ანდროს გარშემო და მისი პატივისცემით ჩვენი საერთო “სიცილით თერაპია”-სთვის ქართული ინტელიგენციის ლეგენდები გაერთიანდნენ და ქალბატონი ლანა ღოღობერიძის, ქალბატონი ნანი ბრეგვაძის და ქალბატონი ლეილა ყიფიანის ნაქონი პირადი ნივთები გავყიდეთ საქველმოქმედო აუქციონზე. საღმოზე მართლაც ქართული საქმის მკეთებელი, ღირსეული ქართველები იყვნენ შეკრებილები. მათ მონაწილეობა მიიღეს აუქციონში და სითბო, სიყვარული და მხარდაჭერა გვაჩუქეს. ანდროს ბანერის ჩამოხევას კი ვუპასუხებდი ანდროსთვის ტიციან ტაბიძის სიტყვებით: “ჩემს იქით პარიზია, ელისეის მინდვრები”.
ლანა ღოღობერიძე, რეჟისორი:
“ფონდი „სიცილის თერაპია“
რა ბედნიერებაა, რომ ჩვენს ქვეყანაში, დღეს, კიდევ არსებობს ადამიანის სულის ასეთი მშვენიერი გამოვლინება: სიცილის თერაპია, რომელიც ეხმარება მძიმედ დაავადებულ ბავშვებს – და იმ ბავშვებსაც, რომელთაც აღარაფერი ეშველებათ, იგრძნონ სიხარული, თუნდაც ერთი წუთით – სიცოცხლის გემო!
ბავშვი, რომელიც უბრალოდ იტანჯებოდა და აღარაფრის სურვილი აღარ ჰქონდა, ახლა იღიმება, და იცინის კიდეც! და ეს მოიმოქმედეს მათ, ფონდი „სიცილის თერაპიის“ წითელცხვირიანმა ჯამბაზებმა!
არსებობს რაიმე ამ ქვეყნად ამაზე უკეთესი, რაც შეიძლება გააკეთო შენ, ერთმა ადამიანმა! თან ძალების სრული დაძაბვით და ამავე დროს სრულიად უანგაროდ!
ავლაბრის კოპალას სასტუმროს პატარა ჰოლი. გვერდით – პატარა დარბაზი, ასეთივე სცენით. სცენაზე ერთმანეთს ცვლიან ფონდის დამფუძნებლები – ჟურნალისტი ნათელა ფოცხვერია, იურისტი ნინო ბოლქვაძე… და სცენაზე ვერ ადის კიდევ ერთი დამაარსებელი… ვინ? და რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ ის დღეს სინდისის პატიმარია?
ნათელა და ნინო კი გვიამბობენ მათი საოცარი ჩანაფიქრის შესახებ, მათი სიტყვებიც და კილოც შესაფერისია: სადა და მართალი. მერე სცენას იკავებენ წითელცხვირიანი ექიმი ჯამბაზები… რა უცნაური სიტყვათაშეთანხმებაა, არა? ექიმი და ჯამბაზი! აი, ეს ერთიანობაა სწორედ ამ მოვლენის საფუძველი: ეს მშვენიერი გოგონები – ჯამბაზები – თან ეთამაშებიან ბავშვებს, თან ართობენ, უმღერიან, ესაუბრებიან და ამგვარად უბრუნებენ სიცოცხლის სურვილს, ანუ ეხმარებიან განკურნებაში! და მათ, ვისაც განკურნება არ უწერიათ, უადვილებენ წასვლას… ეს პალიატიურ განყოფილებაში ხდება. პატარა პაციენტს უჩნდება იმედი. როგორც ამბობენ ეს „ჯამბაზები“ – ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვის იმედიანი თვალები!
მათ უხარიათ, რომ კიდევ მივალთ! მერე იწყება აუქციონი. სულ რამდენიმე ნივთი. გროვდება თანხა -6000 ლარამდე. აქ ყველაფერი ასეთი მოკრძალებულია. მაგრამ ამ მოკრძალებულობაზე დამყარებული კეთილშობილების მასშტაბი – სრულიად უსასრულო! და ბოლოს, ყველაფერი, რაც იმ საღამოს კოპალას დარბაზში განვიცადე, უშუალოდ დაუკავშირდა ფიქრს ანდროზე.
ეს ნათელთვალება ღიმილიანი ბიჭი! თითქოს ის არ ეყოფოდა, რომ ასეთი ტალანტის მსახიობია და განსაცდელში ასეთი მედგარი, მის ბიოგრაფიაში სამუდამოდ ჩაიწერა ეს ფურცელიც: სიცილით თერაპიის ერთ-ერთი დამაარსებელი! რაც ნიშნავს, რომ ოთხი წლის წინ, იმ დროს სულ ახალგაზრდას, როცა ჩვეულებრივ ადამიანი უფრო თავისი თავით არის მოცული, მას უკვე სხვისი დარდი ედარდებოდა… სნეული ბავშვების დარდი. და რაც მთავარია, ამ დარდს აქტიურ ქმედებაში განასახიერებდა.
ბედნიერებაა, რომ ანდროს, ნათელას და ნინოს ჩანაფიქრი დღესაც ცოცხალია. და ეს იმიტომ, რომ სიკეთეზე და კეთილშობილებაზე დაფუძნებული აქტიური ქმედება ყოველთვის იმარჯვებს. ეს ბუნების კანონია.”
