ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის თეატრში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა რეჟისორ გეგა გაგნიძის საპრემიერო სპექტაკლის მოხსნას. სპექტაკლის „DARK WEB“ პრემიერა 7-8 თებერვალს იყო დაგეგმილი, თუმცა თეატრის ხელმძღვანელობამ სპექტაკლი მოხსნა:
“მიმდინარე წლის 7-8 თებერვალს, ბათუმის დრამატულ თეატრში დაგეგმილი იყო სპექტაკლის „DARK WEB“ პრემიერა. საპრემიერო ჩვენებიდან ორი დღით ადრე, თეატრის ადმინისტრაციისთვის ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი გეგა გაგნიძე, თეატრის დიდ სცენაზე, სპექტაკლში გეგმავდა სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბათუმის დრამატული თეატრი კატეგორიულად ემიჯნება თეატრის სივრცის პოლიტიზირებას. პოლიტიკის შემოტანა სცენაზე სცილდება ხელოვნების ჩარჩოებს და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ კონტექსტს. შესაბამისად, დაგეგმილი სპექტაკლი, რომლის შინაარსიც არ შეესაბამება აღნიშნულ პრინციპებს, უქმდება. ბათუმის დრამატული თეატრი კვლავ გააგრძელებს მაყურებლისთვის მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე სპექტაკლების შეთავაზებას და დარჩება კულტურისა და ხელოვნების სივრცედ, თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან.
ბოდიშს ვუხდით ჩვენს მაყურებელს აღნიშნული დისკომფორტისთვის. შეძენილი ბილეთების თანხა მაყურებელს სრულად დაუბრუნდება,” – ნათქვამია ბათუმის თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეკა ჩავლეიშვილი, მსახიობი:
“კარგი სპექტაკლით გვინდოდა გაგვეხარებინა მაყურებელი, მაგრამ მოგვიხსნეს. სუბიექტური ობიექტურობით, თუ ობიექტურად სუბიექტურობითო, მიზეზად ეს დაიწერა ბათუმის დრამატული თეატრის გვერდზე. დილიდან მირეკავენ ტელევიზიები. არ მაქვს იმის სურვილი , რომ ამ თემაზე საჯაროდ ვისაუბრო. მხოლოდ ერთხელ დავაფიქსირებ ჩემს აზრს და მორჩა კინო. უძლიერესი გუნდი ვმუშაობდით თითქმის სამი თვე. 6 ცალი მხეცი არტისტი და უკარგესი სადადგმო ჯგუფი. ბევრი ჭორ-მართალი დაიწერება ამ ფაქტის შესახებ, სიმართლე კი ის არის, რომ ამჯერადაც ციხე შიგნიდან გატყდა. ვისაც ძალიან უნდოდა და ვერაფრით ვერ მოახერხა ჩვენს სპექტაკლში შემოკვეხება, პატარა მიიბოღმენ და ყველა რესურსი გამოიყენეს, რომ სამხატვრო ხელმძღვანელსა და რეჟისორს შორის უკიდურესად დაეძაბათ ურთიერთობა. ბრავო კოლეგებო, მიზანს მიაღწიეთ, სპექტაკლი არ შედგება.
P.S. გეგა გაგნიძესთან მუშაობა ინატროს ყველა არტისტმა. უძლიერესი რეჟისორია და უბრალოდ კარგი ადამიანი.
ზაალ გოგუაძე, მსახიობი, ბათუმის თეატრის სამხატვრო საბჭოს წევრი:
“რთული გადაწყვეტილების წინაშე დადგა დღეს ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორი, რომელმაც გააჩერა საპრემიეროდ გამზადებული გეგა გაგნიძის საავტორო “ნამუშევარი”. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას, უმალ მოჰყვა შეფასებითი ნაწილი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც საერთოდ არ იცნობენ მიმდინარე პროცესს და საქმის ვითარებას. მოვისმინე შეფასებები, რომ ეს არის ცენზურა, რომელმაც გადაწყვიტა ნიჭიერი კაცის და მის მიერ შექმნილი ნიმუშის ბედი. რა მარტივია ტალახის სროლა, როცა გინდა ამის გაკეთება და შანსს ხელიდან არ უშვებ. არა და ისე არ წვიმს, როგორც ქუხს.
მოდით, ვიყოთ თანმიმდევრულები და ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილოთ გეგა გაგნიძის ორთვიანი ეპოპეა ბათუმის თეატრში. ამ კაცს არ ვიცნობდი, როცა დადგა საკითხი, მისთვის მიგვეცა შესაძლებლობა განეხორციელებინა ჩვენს თეატრში დადგმა. თეატრის სამხატვრო საბჭომ და თეატრის დირექტორმა, მოვისმინეთ რა საბჭოს ერთ-ერთი წევრის რეკომენდაცია და დახასიათება, როგორც ნიჭიერი, კრეატიული, ამბიციური ახლაგაზრდისა, ერთხმად დაუჭირეთ მხარი, მის მოსვლას თეატრში. როგორც ხდება ხოლმე, ყველა ნორმალურ თეატრში, ადამიანი მოდის იმ მასალით, პიესით, თუ იდეით, რისი განხორციელებაც უნდა, ამ მხრივ არანაირი შეზღუდვა და წინაპირობა არ ყოფილა ჩვენი მხრიდან. გადაწყდა, რომ დადგამდა სპექტაკლს, თავისი მოფიქრებული, თუ გააზრებული ამბის ფაბულით, რომელიც პროცესში გახდებოდა ამბავი, დრამატურგია, ესეც აპრობირებული მეთოდია თანამედროვე თეატრში.
მართალი გითხრათ, მოლოდინი და მზაობა ჩვენი მხრიდან იყო უდიდესი, თუმცა ოდნავ სკეპსისი გაგვაჩნდა, რადგან მთლად ნათლად არ ვიცოდით რა გველოდა წინ. შეირჩა მსახიობები და მოხდა მათთან გასაუბრება, ურთიერთ აზრების გაცვლა. ერთი სიტყვით, პროცესი თითქოს დაიძრა. ძირითადი აქცენტი რეჟისორის მხრიდან გაკეთდა თანამედროვე ტექნოლოგიებზე, რომელიც უნდა ყოფილიყო ღერძი მთელი სპექტაკლისა და მთელი ტექსტი, თუ ამბავი უნდა ყოფილიყო ამ მოცემულ გარემოებაზე აგებული. რა თქმა უნდა, ტექნოლოგიები და აიტი შესაძლებლობები, საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა, გარკვეულწილად ფუფუნება, რისი შესაძლებლობაც ყოველთვის თეატრს არ გააჩნია. უნდა შეძენილი ყოფილიყო გარკვეული ტექნიკა, რაც სპექტაკლის მამოძრავებელი ღერძი იქნებოდა. ამისთვის წინასწარი გათვლით და რეჟისორის მიერ შერჩეული სადადგმო ჯგუფის მიერ, დირექციას მიეწოდა ხარჯთაღრიცხვა, თან საკმაოდ ძვირი. დაიწყო მოძიება გზების ამ საშუალებების შესაძენად. პარალელურად, დაიწყო სარეპეტიციო პროცესი, რომელიც მართალი გითხრათ, მთლად არ გავდა თეატრისთვის დამახასიათებელ პროცესს. თითქოსდა დადგენილი, გარკვეული სცენები, რომლებიც მსახიობებთან ერთად წინასწარ იყო შეთანხმებული, ერთი მეორის მიყოლებით ქრებოდა სარეპეტიციო პროცესიდან. ყველაზე მთავარი ამ ამბავში ის არის, რომ რეჟისორს არანაირი უხერხულობა ამით არ ექმნებოდა და მსახიობებთან იმის განმარტებაც კი არ ჩაუთვლია საჭიროდ, რატომ წყვეტდა ასე უაპელაციოდ ურთიერთობას და გარკვეულ სცენას რატომ იღებდა სპექტაკლიდან.
ამასთან ერთად, სპექტაკლის სადადგმო ხარჯები, წინასწარი მოწოდებული გათვლების შემდეგ, გაორმაგდა და რეჟისორის ამბიცია და სურვილები გახდა უსაზღვრო.
ამ პირობებშიც კი, თეატრის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებდა, რათა პროცესი არ შეჩერებულიყო და სპექტაკლის გამოშვებას და მის ტექნიკურ შესაძლებლობას რაიმე საფრთხე არ შექმნოდა.
თეატრმა თავისი მხრიდან შეასრულა ყველა პირობა, შექმნა ყოველგვარი კომფორტი სარეპეტიციო პროცესისთვის და მოლოდინის რეჟიმში ელოდებოდა საპრემიერო მზაობას.
ამ თეატრში ვიხარშებით ყველანი, რადგან ეს ჩვენი ოჯახია, ჩვენი სახლია, ვიცით ყველა ნიუანსი, ტკივილი, სიხარული, ადამიანთა განწყობა, გვესმის ან არ გვესმის ერთმანეთის, თუმცა პატივისცემით, მოლოდინით ვგულშემატკივრობთ ერთმანეთს და ვიზიარებთ წარმატებას და წარუმატებლობას.
როგორც წესი, თეატრის დაუწერელი კანონია, წინა საპრემიერო დღეებში, თეატრის ხელმძღვანელს, არსებულ სამხატვრო საბჭოს, რომლებმაც სრულად აიღეს თავზე პასუხისმგებლობა და შექმნეს ყველა პირობა, უნდა მიეცეს საშუალება, შევიდეს დარბაზში, ნახოს სპექტაკლი და მოახდინოს გარკვეული შეფასება პროცესზე. კოლეგიალურად, თავის შეხედულება გაუზიაროს მონაწილე მსახიობებს. ვიგებთ, რომ მხოლოდ სპექტაკლის წინა დღეს, გაგვიხსნიან კარებებს, რომლებიც ორი თვის განმავლობაში ჩარაზული იყო, თან ყველა კარი, რომელიც დარბაზში და სცენაზე წვდომას უზრუნველყოფს. ჩვენი მხრიდან თხოვნა იყო ძალიან დელიკატური, აბსოლუტურად საქმიანი, მხოლოდ თეატრის ინტერესების გათვალისწინებით და მოლოდინით გაგვეგო, თუ რას ვთავაზობთ მაყურებელს, რამდენად ღირებულია ეს სპექტაკლი ბათუმის თეატრის თანამედროვე რეალობისთვის, რომელმაც ბოლო ექვსი, შვიდი თვის განმავლობაში, ძალიან ღირსეულად, ბეწვის ხიდზე იარა და არ მისცა არანაირი საფუძველი არავის, თეატრი ექცია პოლიტიკური ინსინუაციების კერად. დიახ, ამ ბრძოლაში თეატრმა ღირსეულად გაიმარჯვა და რა თქმა უნდა, იყო უდიდესი მხარდაჭერა და მზაობა ყველა შტოდან, რათა დავბრუნებოდით ღირსეულ, დინამიურ შემოქმედებით პროცესს.
რადგან აქამდე მთელი პასუხისმგებლობის ტვირთი ვატარეთ, დღესაც ზუსტად იგივე პასუხისმგებლობით გვინდოდა მუშა პროცესის ხილვა, რომელზეც კატეგორიული უარი მივიღეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სახელმწიფო თეატრში, მინიმუმ თეატრის ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს წვდომა პროცესზე, რადგან ნებისმიერი შექმნილი პროდუქტი, არის მისი პასუხისმგებლობა და მისი ანგარიშვალდებულება, როგორც სახელმწიფოსთან, ზუსტად იგიევე დოზით თეატრის კოლექტივთან, მაყურებელთან. მან, როგორც პასუხისმგებლიანმა ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება, სპექტაკლის შეჩერების შესახებ. თეატრის მიერ გამოქვეყნებულ სამოტივაციო ნაწილში იყო გარკვეული განმარტებები, რომელზეც წვდომა და ნახვის საშუალება, ჩვენ, სამწუხაროდ, არ მოგვეცა. აქედან გამომდინარე, ვერ ვიქნები ობიექტური შემფასებელი. სავარაუდოდ, თეატრის დირექტორს უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდა. შესაბამისად, როგორც ხელძღვანელმა, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სრულად არის პასუხისმგებელი, მთელ პროცესზე, მიიღო ეს გადაწყვეტილება.
მე როგორც ერთი მსახიობი, ამ თეატრისა, როგორც სამხატვრო საბჭოს წევრი, რომელმაც მხარი დავუჭირე ბატონი გეგა გაგნიძის თეატრში მოსვლის საკითხს, სრულად ვიზიარებ ამ პასუხისმგებლობის ტვირთს და ვეთნახმები ამ გადაწყვეტილებას.
მე ასე მინდა და ასე იქნება, ჩემო ძვირფასო ბატონო გეგა, იმ სივრცეში იპოზიციონირეთ, რომელიც იქნება თქვენი კერძო საკუთრება. ეს ბათუმის პროფესიული, სახელმწიფო დრამატული თეატრია, რომელიც, სამწუხაროდ, თქვენი კერძო საკუთრება გეგონათ. მშვიდობით ბრძანდებოდეთ.”
მეგი კობალაძე, მსახიობი:
“პირველივე ფრაზიდან ბატონი ზაალ გოგუაძე ცდილობს, ხელი შეახოცოს კოტე მჟავიას და წყლიდან მშრალი ამოვიდეს, ზუსტად ისე, როგორც ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრის გვერდზე გამოხატეს ,,დაბნეულობა,, საბჭოს რამოდენიმე წევრმა, როდესაც სწორედ ამ ადამიანების ხელით იქნა გაშვებული გეგა გაგნიძე. არა, ბატონებო, გთხოვთ ეს პასუხისმგებლობა ყველამ გაინაწილოთ თანაბრად.
მოყოლილ ბრალდებებზე გეგა თავად გაგცემს პასუხს (რამოდენა ტექსტებს წერ ცოტა დაგვინდე) და რაც შეგეხება შენ, ზალიკო, პირადად შენ, ხარ ყველაზე საშიში ადამიანი მთელ დასში. მეშინია შენი, უამრავი მიზეზის გამო, მაგრამ ერთს გავიხსენებ: შენ ხარ ადამიანი, რომელიც იყავი ნუკრი ქანთარიას ბეჯითი პიონერი და როგორც კი წყალი შეუდგა, უმალ გადმოხტი ჩვენს მხარეს და ძირის თხრა დაუწყე ნუკრი ქანთარიას, იმის იმედით, რომ საბოოლოოდ აღმოჩნდებოდი სამხატვრო ხელმძღვანელის სკამზე. მოვუწოდებ ფრთხილად იყოს კოტე მჟავია შენთან მეგობრობა თუ აქვს გადაწყვეტილი.”
