ივა ფეზუაშვილის საამაყო სიტყვები

Iva fezuaახალგაზრდა ქართველი მწერალი ივა ფეზუაშვილი საბერძნეთში, ათენის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებული გახდა. მისი წიგნი “ბუნკერი” წლის საუკეთესო თარგმნილი რომანის ნომინაციაში გამარჯვებულია. “ბუნკერი” ვერიკო მგელაძემ თარგმნა. რეჟისორმა დავით დოიაშვილმა ივა ფეზუაშვილის ნაწარმოების მიხედვით სპექტაკლიც დადგა, რომელიც ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში ანშლაგებით მიდიოდა.

ქართველ მკითხველს მწერალმა ვრცელი წერილით მიმართა:

“სალამი,
ნომინაციაში წლის საუკეთესო ნათარგმნი პროზა, “ბუნკერი” ათენის ლიტერატურული ფესტივალის გამარჯვებულია.
აქ დიდი მადლობების სერია უნდა იყოს.
წესით, ძალიან უნდა მიხაროდეს და სამადლობელო ტექსტებს უნდა ვწერდე, მაგრამ…
ამ ქვეყანაში, სიხარულის უფლებაც კი წაგვართვეს.
ორ სიტყვას ვიტყვი:
მე ვარ ივა ფეზუაშვილი, ათენის ლიტერატურული ფესტივალის პრიზი, მესამე საერთაშორისო ჯილდოა რაც “ბუნკერმა” მოიგო.
იმ დღიდან, რაც მწერალთა სახლთან და კულტურის სამინისტროსთან ბოიკოტში ვარ, არც ჩემზე და არც ჩემს კოლეგებზე არ წყდება ტროლ-ბოტების, თუ პროპაგანდისტული ტელევიზიების თავდასხმები. ძირითადად გვეკითხებიან, თუ საჯაროდ და ღლიცინით კითხულობენ, ვინ ვართ, რა დაგვიწერია, როგორ ვბედავთ, რომ ვიყოთ ცოცხლებიც და თან მწერლები გვერქვას…
ამ კომენტარებს მე არ ვპასუხობ.
არასდროს და არსად!
იმიტომ, რომ ჩემი, როგორც მწერლის ლეგიტიმაცია, ჩემი წიგნები და ჩემი მკითხველია…
როდესაც პოლიტიკური ძალა, ლეგიტიმაციის და აღიარების მოპოვებას ბრუტალური კანონებით ცდილობს, მგონი ყველასთვის გასაგებია რასთან გვაქვს საქმე.
ნებისმიერ სფეროში თუ საქმეში, ადამიანები იმ ნაბიჯებით გაფასებენ, რაც გადადგი, “ქართული ოცნების” თითქმის ყველა ნაბიჯი, საქართველოს უკან დახევას, ქვეყნის მოსახლეობის დაშინებას, დაჩაგვრას და გაუბედურებას ემსახურება.
თუ ლეგიტიმური ხარ, ამას არ ამტკიცებ!
აღიარებას დაჟინებულად და ისტერიკულად მხოლოდ ის ითხოვს, ვისაც არ ეკუთვნის!
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!
სოლიდარობა ყველა უსამართლოდ ჩაგრულს!”

ივა ფეზუაშვილმა  ათენის ლიტერატურულ პრემიას მადლობა ვიდეო მიმართვით გადაუხადა. “არტ ინფო” მცირე ამონარიდს გთავაზობთ:

„გამარჯობა. მე ვარ ივა ფეზუაშვილი. მოკითხვას გითვლით საქართველოდან, ქვეყნიდან, სადაც ჩემი ყოველდღიური ცხოვრება ღრმად პოლიტიკური გახდა; ქვეყნიდან, სადაც უამრავი პოლიტიკური პატიმარი გვყავს და მაქვს შეგრძნება, რომ ავტორიტარიზმის ზღვარზე ვდგავართ; ქვეყნიდან, სადაც ზოგჯერ ისიც კი მავიწყდება, რომ მწერალი ვარ…“