გეგა გაგნიძე: “მიპატიებია ყველასთვის”

Gega gagnidzeრეჟისორი გეგა გაგნიძე პატიობს ყველას, ვინც მის წინააღმდეგ ბოროტება ჩაიდინა. რეჟისორს ბათუმის თეატრში დაგეგმილი სპექტაკლი პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე მოუსხნეს:

„დრო-ჟამი ამას გვიქადის… რა გითხრათ? რით გაგახაროთ?” ბათუმის დრამატული თეატრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გამოწვეულია უმეცრებითა და უგუნურებით. ასე ხდება მაშინ, როცა საჯარო თანამდებობაზე ხელდასხმული ადამიანი პასუხისმგებელია მის ხელდამსხმელთან და არა საზოგადოების წინაშე; (იხილეთ საქართველოს უახლესი ისტორია). ამ უგუნურ და უმეცარ გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციასთან ერთად თანაბრად პასუხისმგებელია თეატრის სამხატვრო საბჭო. მათ შორის საბჭოს ის წევრები, რომლებიც მხოლოდ საზოგადოების რეაქციის შემდეგ აღშფოთდნენ და გაემიჯნენ თეატრის ადმინისტრაციის განცხადებას. ამას ფლიდობა ეწოდება. ამ უგუნურების ჩადენამდე, (უკაცრავად ტავტოლოგიისთვის) ერთი დღით ადრე თეატრის დირექტორმა შემომითვალა, რომ თურმე „მაღლა“ ზარი იყო შესული და თუ სპექტაკლში პოლიტიკური ნარატივი დარჩებოდა, პრემიერა ვერ შედგებოდა. იმ ერთ ცხოვრებას რა ვუთხარი, ჩემს შემოქმედებაში ვინმეს მაამებლად რაიმეს ვიტყვი, ან რაიმეზე დავდუმდები. ბათუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელობას და საბჭოს წევრებს გირჩევთ, ლაფის ჩამოსაწმენდად, სატელევიზიო საინფორმაციო ბადეებსა და თეატრის დერეფნებში მტკნარი ტყუილებისა და მოგონილი ბრალდებების საკენკად დაყრას შეეშვათ. (რთული ქვეწყობილი წინადადება). უმჯობესია, აქ დავასრულოთ. მე მართალი ვარ შემოქმედებით ჯგუფთან, რომელთან ერთადაც 2 თვეზე მეტი ვიშრომე! მართალი ვარ თეატრის წინაშე. მართალი ვარ ბათუმელებთან; გათენებულ ღამეებთან, საკუთარ პროფესიასთან; საკუთარ სინდისთან და სამოქალაქო პოზიციასთან. გულითად მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, ვინც უხილავი შრომისთვის გაისარჯა. მადლობა სცენის მემანქანეებს, მკერავებს, სადადგმო ნაწილის ხელმძღვანელს, თანაშემწეს, დამლაგებლებს, დაცვის თანამშრომლებს, კოსტიუმების ჩამცმელებს, გამხმოვანებლებს, გამნათებელს, ადმინისტრატორს, კაპელდინერებს, რომელთა გაცნობაც არ დამცალდა; უნიჭიერეს მსახიობებს შესანიშნავი რეპეტიციებისთვის. ანუშკა ჩხეიძეს არაჩვეულებრივი მუსიკისთვის; მარიამ ძმანაშვილს საოცარი კოსტიუმებისთვის და სცენოგრაფიისთვის. ამიკოს და ზაზას ვიდეო საოცრებებისთვის. მოზგის აუდიორეაქციული განათებისთვის. რეზის მხატვრული განათებისთვის. სამხატვრო საბჭოს ერთადერთ წევრს კახა კობალაძეს ღირსეული პოზიციისთვის! მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გამომრჩა. მადლობას ვუხდი მეგობრებს, კოლეგებსა და უცნობ ადამიანებს მხარდაჭერისთვის.
პ.ს. არსად არ მივდივარ. არც პოლიტიკური თავშესაფარი მჭირდება, არც ,,რეპრესირებული ხელოვანის” სტატუსი. ვრჩები ჩემს სამშობლოში და ვაგრძელებ ჩემი საყვარელი საქმის კეთებას იქ, სადაც ,,მოსალოდნელ სუბიექტურ პოლიტიკურ აქტად” არ მომინათლავენ სცენებს სპექტაკლიდან, უხილავი სპექტაკლიდან, სათვალთვალო კამერებში ნანახი სპექტაკლიდან. ჰო, და ბოლოს, მიპატიებია ყველასთვის, ვინც ეს ბოროტება ჩაიდინა.”