რეჟისორ თემურ ბაბლუანის 1992 წელს გადაღებული ფილმი “უძინართა მზე” დათო კაზიშვილისთვის პირველი და უკანასკნელი აღმოჩნდა. ერთი როლით მან ათასობით მაყურებლის გული სამუდამოდ მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის გადაღებიდან წლები გავიდა, დათო მაყურებელს დღემდე ახსოვს. არანაკლებ პოპულარულია ფრაზები ფილმიდან, ასევე სიმღერა “რიმდარირო”. დათო ერიდება ჟურნალისტებს, მოკრძალებულად ცხოვრობს და არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა.
თემურ ბაბლუანმა ფილმი მამის – ექიმ გელა ბაბლუანის ხსოვნას მიუძღვნა. გუჯა ბურდულმა სწორედ გელა ექიმის როლი შეასრულა. თავდაპირველად ფილმი ორ სერიად იყო ჩაფიქრებული, თუმცა რეჟისორმა საბოლოოდ მაყურებელს ის ვერსია შეთავაზა, რომელმაც არაერთი საერთაშორისო ფესტივალის პრიზი მიიღო: “კონიტავრის” მთავარი ჯილდო. რუსეთის კინოაკადემიის პრიზი „ნიკა“ – მამაკაცის საუკეთესო როლისთვის – გუჯა ბურდულს, ხოლო საუკეთესო სცენარისთვის – თემურ ბაბლუანს. ბერლინის საერთაშორისო ფესტივალი – ვერცხლის დათვი გამორჩეული მხატვრული მიღწევებისთვის და სან-რაფაელის კინოფესტივალი – ჟიურის სპეციალური პრიზი.
