მწერალი და მასწავლებელი დათია ბადალაშვილი, რომელიც საკუთარი ძალებით შექმნილი ბიბლიოთიკიდან გაუშვეს, საჯარო განცხადებას აკეთებს:
“ყველანი ბრძოლაში ვართ და ყველამ რაღაც დავკარგეთ. მეც დავკარგე ისეთი რაღაც, თითქოს გულში ვიღაცამ რაღაცა მომგლიჯა, თუმცა თავს მსხვერპლად არ ვთვლი, მსხვერპლი მაშინ ვიქნებოდი, რომ დავმორჩილებოდი ადამიანებს, რომლებსაც სხვისი მორჩილება ანიჭებთ სიამოვნებას.
რაც შეეხება მე როგორ ქვეყანაზე ვოცნებობ და როგორი მინდა რომ იყოს. აი, ამ შეხვედრიდან წასულს ჩემმა რომელიმე ნათესავმა არ მინდა მომწეროს და მითხრას, რომ შეიძლება ამის გამო ბიბლიოთეკის შემდეგ სკოლაც დავკარგო. შეიძლება ჩემმა რომელიმე მეგობარმა მითხრას, რომ ქუჩაში დამხვდნენ და მცემონ. აი, ამ არგუმენტებისადმი, როდესაც ესენი ასეთ რაღაცას მეუბნებიან, ვცდილობ ხოლმე ავხსნა ასეთი რაღაც, რომ ამ ქვეყნად ცხვირის გატეხვაზე და შიმშილზე ბევრად უფრო საშინელი რაღაცები არსებობს, ეს კი კონფორმიზმია. კონფორმიზმია მაშინ, როცა ხედავ რომ შენი შვილის, შენი მოსწავლეების ტოლებს ურტყამენ ქუჩაში. მინდა ვუთხრა ჩემს გულის დამწველებს, რომ ცხოვრება პატარაა, იმდენად პატარაა, რომ არ ვიცით ხვალ რა იქნება და არ მინდა ჩემი დარჩენილი ცხოვრება თავის გადარჩენის გამო ყველაფერზე წასვლაში გავატარო.
ახლა რაც შეეხება იმას, თუ როგორი მინდა იყოს: მინდა ისეთი არჩევნები იყოს ამ ქვეყანაში, სადაც მასწავლებლებს არ აიძულებენ სადმე ოლქში წასვლას, არ აიძულებენ კონკრეტულ დღესასწაულზე წასვლას, სადაც სამარცხვინო რამდენიმე ათეულ ლარს მისცემენ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ჩვენ გაგვზარდეს, რომლებსაც ეშინიათ და მე მათი აბსოლუტურად მესმის. არ მინდა ჩემმა მოსწავლემ მითხრას, რომ რად უნდა ისწავლოს, როცა ხედავს, რომ წვრილ ჩინოვნიკს, რომელმაც წერა-კითხვა არ იცის, თანამდებობაზეა და ზემოდან დასცქერის ადამიანებს. არ მინდა ჩემმა მოსწავლეებმა ქურდული ვარსკვლავები დამიხატონ დაფაზე. მე ასეთი ქვეყანა არ მინდა! არ მინდა ჩემს თანასოფლელებს ხმის ამოღების შეეშინდეთ იმის გამო, რომ შეიძლება ვიღაცა დახმარების მოხსნით დაემუქრა. არც ის მინდა, იმის შეეშინდეთ, რომ ხმა ამოიღონ, როგორ იხრჩობიან უწყლობით, როგორ ცვივიან ტალახში უგზოობის გამო. მე მიყვარს ეს ქვეყანა, იმდენად მიყვარს, რომ არ არსებობს საათი ამ ქვეყანაზე ფიქრის გარეშე და ვერ წარმომიდგენია კიდევ ასეთი რაღაც – როგორ უნდა ვიყო მე ბედნიერი, როცა ჩემს მეზობელს ლუკმა-პური უჭირს. აი, ასეთია ჩემი სამშობლო და ჩვენ თუ არ ვიბრძოლეთ, დანაკარგი გაცილებით მეტი იქნება. მეც დავკარგე რაღაც, არიან ადამიანები, რომლებმაც ჩემზე მეტი დაკარგეს, მაგრამ ეს ბრძოლაა. ჩვენ კი იქამდე ვიბრძოლებთ, სანამ არ გავიმარჯვებთ!”
