თბილისის არქეოლოგიის მუზეუმი გასაყიდად

Arqeologiis muzeumiთბილისის არქეოლოგიის მუზეუმის შენობას გასაყიდად ამზადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ავრცელებს:

“თბილისის არქეოლოგიის მუზეუმის შენობას გასაყიდად ამზადებენ. მუზეუმის ადგილას კორპუსს ჩადგამენ, თუ შენობას ფუნქციას შეუცვლიან, ეს ზუსტად არ ვიცი.

აქ გამოქვეყნებული ფოტოები თავად გადავიღე. მუზეუმი დაკეტილია. ირგვლივ მხოლოდ სასაფლაოა; აქა-იქ საფლავის ქვის მთლელები მუშაობენ; იქვეა წმინდა ნინოს ძეგლი და ახლად აგებული პატარა ტაძარი.

ჩემთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ არქეოლოგიის მუზეუმი უკვე დაცალეს სამუზეუმო ნივთებისგან.
თბილისის არქეოლოგიის მუზეუმიც არაერთ დანაშაულში მხილებული დავით ლორთქიფანიძის ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია.

სანამ მუზეუმის გასხვისების შესახებ ინფორმაციას გამოვაქვეყნებდი, ბატონ ლორთქიფანიძეს განცხადებით მივმართე, რათა შენობის გასხვისების შესახებ ინფორმაცია ან დაედასტურებინათ, ან უარეყოთ. განცხადება გავგზავნე 2025 წლის 30 აპრილს. პასუხი დღემდე არ მიმიღია.

მიმდინარე წელს არაერთხელ შევნიშნე, რომ მუზეუმი გაჩახჩახებული იყო, კიბეებზე ადამიანები მოძრაობდნენ. მსგავსი ადრე არ შემინიშნავს. დავინტერესდი გამეგო რა ხდებოდა და იქ ავედი. ფოტოზე რომ ცუგოა, თავიდან კიღამ შემჭამა, მაგრამ შემდეგ დამიმეგობრდა.

აღსანიშნავია, რომ ლორთქიფანიძემ ეროვნული მუზეუმის სხვა შენობაც გაყიდა – მისი მამის, ბატონი ოთარ ლორთქიფანიძის დაარსებული არქეოლოგიის ცენტრის შენობა გაასხვისა და ცენტრის არქივი და ფონდები სოფელ აღაიანში დაასაწყობა.”